logo_geo
eng_logo
„ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილამდე“ - რუსული მედია მიხეილ სააკაშვილზე
- +

6 დეკემბერი. 2017. 15:55



საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევში დაკავება, მსოფლიო მედიის, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსული მედიის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. რუსული ინტერნეტ-გამოცემები ონლაინ რეჟიმში აშუქებენ მისი დაკავებისა და შემდგომ პროცესებს.


„ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე ასვლამდე" - ასეთი სათაურით ეხმაურება ტელეკომპანია „Звезда" მიხეილ სააკაშვილის დაკავების პროცესებს. გამოცემის ცნობით, კრემლის პრეს-სპიკერის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, „კრემლი გაოცებითა და ინტერესით" ადევნებს თვალყურს საქართველოს ექს-პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესებს, თუმცა, ამ საქმესთან დაკავშირებით რეაგირების საჭიროებას ვერ ხედავს.


„არ ვართ შეჩვეული იმ ადამიანების ქმედებების შეფასებას, რომლებიც სახურავზე სხედან", - აღნიშნა პესკოვმა, რომლის თქმითაც, სააკაშვილმა საკმაოდ მძიმე გზა გაიარა „ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილამდე".


ТАСС-ის ინფორმაციით, „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, უკრაინიდან გაქცეული პოლიტიკოსების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციების შესაძლო დაფინანსებას. რაც უკრაინული კონსტიტუციის მიხედვით, სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. უფრო ადრე, მისი კიევის სახლი უკრაინის უშიშროების სამსახურებმა გაჩხრიკეს, რა დროსაც პოლიტიკოსი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადახტომით იმუქრებოდა. ჩხრეკამდე ორი დღით ადრე, სააკაშვილის მომხრეებმა აქცია გამართეს, სადაც ისმოდა შეძახილები, - „იმპიჩმენტი", „არ არის კორუფცია, არ არის პოროშენკო", „კიევი - გაიღვიძე!.."

„შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს, უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა წაართვა. უფრო ადრე, 2015 წლის დეკემბერში, საქართველომ, რომელსაც ის მართავდა, ასევე წაართვა სააკაშვილს მოქალაქეობა", - წერს ТАСС.


„გაფრენა არ გამოვიდა", - ასე ეხმაურება ria.ru სააკაშვილისა და უკრაინელი სამართალდამცავების დილის ეპიზოდს და კარიკატურასაც უძღვნის.


გაზეთ „ВЗГЛЯД"-თან ინტერვიუში უკრაინელი პოლიტოლოგი რუსლან ბორტიკი ამბობს, რომ ეს ყველაფერი კიევის ცენტრში გამართული აქციის გაგრძელებაა.


„უკრაინის ხელისუფლება ძალიან შეაშინა ბოლო მიტინგმა, რადგან ძალიან რეზონანსული იყო. სააკაშვილმა ძალიან ბევრი ადამიანის შეგროვება შეძლო... შესაძლოა, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნა ძალებს იკრებს", - აცხადებს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, შესაძლოა, სააკაშვილი დაკავების შემდეგ ქვეყნიდან გააძევონ, როგორც „საზოგადოებრივ-პოლიტიკური დესტაბილიზაციის ელემენტი".


ბორტიკის თქმით, მთელი ამ ყველაფრის მიზანი არის, სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია ან საქართველოში ექსტრადაცია.


პოლიტოლოგის თქმით, სააკაშვილის დაბალი რეიტინგის შემთხვევაშიც კი ათასობით მხარდამჭერი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის ის ნამდვილად საფრთხის შემცველია.


კითხვაზე, თუ რატომ იყო სახურავზე ასვლა მისთვის ერთადერთი არჩევანი, პოლიტოლოგი პასუხობს: „მას საქართველოში კარგი არაფერი ელის. დასავლეთშიც არავინ ელოდება. ერთადერთი გამოსავალია უკრაინის პოლიტიკაში სიტუაციის გამყარება და ამას აკეთებს კიდეც, რათა პოლიტიკურად გადარჩეს. მას თავისუფლად შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება, თუმცა, პოლიტიკური აქტიურობის საშუალება მხოლოდ უკრაინაში აქვს".


გამოცემა „Гордон"-ის ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერების დახმარებით, უკრაინის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად და კიევში გამართული „მიხომაიდანის" დასაფინანსებლად, რუსეთიდან 500 ათასი დოლარი მიიღო.


gazeta.ru-ს ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსი ზორიაკ შკირიაკი ირწმუნება, რომ კიევის ცენტრში გამართული აქციისთვის ფინანსები სააკაშვილმა რუსეთიდან მიიღო.


„ეს ვერსია უკვე დიდი ხანია ვრცელდება უკრაინაში, რადგან მის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, პოლიტიკოსები მუდმივად პოულობდნენ „კრემლის კვალს..." - წერს გამოცემა.


სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ:


„არსადაც არ გადახტება, ის არის უპარაშუტო მასხარა". „მიშა, არ მოიწყინო იქ". „გაუშვით, იფრინოს..."











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner