„დარწმუნებული ვარ, რომ „ნაცების" მოწოდებებს მათთვის არავითარი შედეგი არ მოჰყვება, იმ სამი უმარტივესი მიზეზის გამო, რაც დღეს აშკარად სახეზე გვაქვს", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„1. გაურკვეველია აქციის მოთხოვნა.
„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს"? ვის უნდა მოსთხოვონ ამის შესრულება? გახარიას თუ შოთაძეს?
სოლიდარობა სააკაშვილს? - კი ბატონო, მაგრამ საბოლოოდ რა? შედეგი რა იქნება? ის, რომ მიშა გაიგებს თავისი მხარდამჭერების სიყვარულს, გაიგონებს მეგი გოცირიძის წივილს, ნიკა მელიას დაბნეულ და უაზრო ლოზუნგებს, დაინახავს „რუსთავი 2"-ის შემონტაჟებულ კადრებს და ბედნიერი იქნება. კი, რაღაც დოზით და რაღაც მცირე დროით იქნება (მაქსიმუმ 20 წუთი, სანამ თავის მორევში გადაეშვება), მაგრამ მერე რა? აქციის რიგით მონაწილეს რა? რა დაუკმაყოფილდება მას?
არაფერი!
უშედეგო აქციას კი ლიდერების მიმართ უარყოფითი რეაქცია უფრო მოაქვს.
ნაცებს ჰყავთ თავიანთი ფიქსირებული მხარდამჭერები, რომელთა მხოლოდ 40 %-ის გამოყვანა შეუძლიათ და ისიც ბრწყინვალე ორგანიზების შემთხვევაში. დღეს როგორც არ უნდა ეცადონ, როგორი პიარიც არ უნდა გააკეთონ „რუსთავი 2"-დან, ამდენსაც ვერ შეძლებენ, რადგანაც სააკაშვილის უკრაინული თავგადასავალი, თვით თავგადაკლული მიშისტისთვისაც არ არის ის თემა, რის გამოც ის პერმანენტულად მზარდ აქციას დაიწყებს. არ არის თემა იმიტომ, რომ უმარტივესია იმის მიხვედრა, რომ არანაირ აქციას რეალური შედეგი არ მოჰყვება, რადგანაც თავად შედეგის ფორმულა არ არსებობს.
2. ნაცების დღევანდელ ლიდერებს არ გააჩნიათ იმ ქარიზმის ნახევარიც კი, რასაც დიდი ტალღის აგორება შეუძლია. არცერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა იმ ლეიტენანტ შმიდტთან, რომელმაც ბორშჩში ჩავარდნილი ბუზის გამო, ჯავშნოსან „პოტიომკინზე" აჯანყება მოაწყო (ჩვენებზე არაფერს ვამბობ). მათ არამც თუ ქარიზმა, რეალური მიზანიც არ გააჩნიათ, რადგანაც მთელი რევოლუცია, მხოლოდ მათ კუჭზე გადის. თუ მიშას ჰქონდა იდეფიქსი, გამოეყვანა ახალი ადამიანი და ლევან რამიშვილისა და ბოკერიას მსოფლმხედველობას მიჰყვებოდა, ამათ თავად იდეა, რევოლუციური იდეა, რაც ხალხს აღაგზნებს, არ გააჩნიათ.
3. სახელმწიფო მანქანის გარდა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მათი ყველა ნაბიჯი, ნაცებს ჰყავთ უფრო დიდი მოწინააღმდეგე - ქართველი ხალხი, რომელიც ნებისმიერი ცუდი გაფართხალების შემთხვევაში თავად აიღებს „ვითარების დამრეგულირებლის" ფუნქციას, რაც ნაცებისთვის ძალიან სავალალო შედეგის მომტანი იქნება", - წერს გია გაბრიჭიძე.