ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მზად ვართ და გვაქვს სურვილი, გავაგრძელოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრი გიგა ბუკია აცხადებს. როგორც დეპუტატმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნათა დიდი ნაწილი დააკმაყოფილა.
„შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვინაიდან არასაპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდა წინადადებები, რომლის განხილვასაც ითხოვდა უმრავლესობის ფორმატში. მათ წარმოადგინეს 5-პუნქტიანი წინადადებები, რომელიც ეხებოდა საარჩევნო სისტემას, ბარიერს, სარეკლამო დროს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემატიკას.
საარჩევნო სისტემის ცვლილება უკვე შეთავაზებულია პარლამენტისთვის, კანონპროექტის განხილვა უახლოეს ხანებში დაიწყება და 2016 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. რაც შეეხება დანარჩენ წინადადებებს, საარჩევნო კომისიების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნა იყო, რომ კვალიფიციურ სუბიექტებს ჰყოლოდათ ერთი წარმომადგენელი. ვინაიდან კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტებიდან 4-ს ჰყავდა კომისიის წევრი, ეს რეალობა შეიცვალა, კოალიცია დაიშალა და ყველა სუბიექტი ცალ-ცალკე აპირებს არჩევნებში კენჭისყრას. დღეს კი მათი მოთხოვნა, დე-ფაქტო შესრულებულია. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს თემატიკა ბუნებრივად მოიხსნა. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს ეხება ბარიერის 3 %-მდე ჩამოწევას. როგორც იცით, ჩვენ ინიცირებული გვაქვს 4 %-ზე დაწევა. უბრალოდ, დროის სიმცირიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილება ვერ მოესწრება ამ არჩევნებისთვის. თორემ პრინციპული წინააღმდეგობა უმრავლესობისგან ამ საკითხზე არ ყოფილა.
რაც შეეხება იმას, რომ კვალიფიციურად ჩათვლილიყო პარტია, რომელიც 2%-ს გადალახავს, ჩვენ ამაზე თანხმობა განვაცხადეთ და მათი მოთხოვნა ამ კუთხით გავითვალისწინეთ. 5-ვე წინდადება ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. კონსტრუქციული თანამშრომლობა არის ორმხრივი ნაბიჯების გადადგმა. გუშინ ისე წარმოჩინდა, რომ თუ სისტემა არ შეიცვალა, დანარჩენი არ აინტერესებთ. ეს ცოტა გაუგებარი პოზიცია. თუ სხვა მოთხოვნები არ აინტერესებთ, მაშინ რატომ წამოაყენეს ეს წინადადება? მათ მიერ წარმოდგენილ მოთხოვნათა 80 % გათვალისწინებულია. ასევე ითხოვდნენ, უფასო სარეკლამო დრო მისცემოდა იმ სუბიექტთა ერთობლიობას, რომლებიც ჯამში შეაგროვებდნენ 2 %-ს. ამაზე ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ, ვინაიდან სარეკლამო დრო და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ვაპირებთ, ოპოზიციასთან ვითანამშრომლოთ მომავალშიც კონსტუქციულად და არა ულტიმატუმის ენით. მზად ვართ, გავითვალისწინოთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლოგიკური მოთხოვნები და დავაკმაყოფილოთ ისინი", - განაცხადა ბუკიამ.