logo_geo
eng_logo
„გადატრიალების მოწყობას სააკაშვილი ნამდვილად ვერ შეძლებს!“ - ინტერვიუ უკრაინელ ექსპერტთან
- +

7 დეკემბერი. 2017. 02:02



ინტერვიუ უკრაინელ პოლიტიკურ ექსპერტ ვალენტინ გლადკიხთან:


Analitica.ge: რამდენად აქტუალურია სააკაშვილის თემა კიევსა და უკრაინაში? რამდენად აინტერესებს უკრაინულ საზოგადოებას ეს პროცესები?


- სააკაშვილის თემა აქტუალურია არა როგორც დაკავშირებული  სააკაშვილთან, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, არამედ უფრო ფართო კონტექსტში _ უკრაინაში სულ უფრო გამძაფრებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო.

რა თქმა უნდა, ეპატაჟსა და ექსტრავაგანტულ გამოხტომებს მიდრეკილი სააკაშვილი თავადაც საკმაოდ თვალსაჩინო პერსონაჟია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინულ პოლიტიკას არც არასდროს განუცდია „პოლიტიკური ექსცენტრიკოსების" დეფიციტი. უბრალოდ, ადგილობრივი „ექსცენტრიკოსებისგან" განსხვავებით, სააკაშვილს ბევრად დიდი პოლიტიკური წონა აქვს, რაც მას აძლევს საშუალებას, წარსულ მიღწევებზე აპელირებით წონა მისცეს საკუთარ უაზრო და აშკარად პოპულისტურ განცხადებებს. ამ კონტექსტში საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სააკაშვილის საქართველოში პრეზიდენტობისდროინდელი მიღწევები უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე აბსოლუტურად ჩაგდებული მოღვაწეობა უკრაინაში და კერძოდ ოდესის ოლქში. უფრო მეტიც, საქართველოში სააკაშვილის მიღწევების შესახებ უკრაინელთა უმრავლესობას მხოლოდ ყური აქვს მოკრული, ისე რომ დიდად არ ჩაძიებია მიღწევების მასშტაბებს, მათი გატარების საფასურს, არც სააკაშვილის პირად წვლილს, ბევრი მიდრეკილია გააბუქოს "ქართული საოცრების" მასშტაბებიც და მაშინდელი პრეზიდენტის როლიც. ამას ხელს უწყობს თავად სააკაშვილიც, რომელსაც არ ერიდება საკუთარი მიღწევების განდიდებას. ერთხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი რეფორმების შემდეგ ქართველი ექიმები თვეში $5000 ხელფასს იღებენ. რასაკვირველია, ყველაფერი ეს მოქმედებს "ღირსების რევოლუციითა" და რეფორმების ტემპებით უკმაყოფილო უკრაინელების წარმოდგენებზე. მაგრამ ძირითადი მიზეზი უკრაინის საზოგადოების  სააკაშვილის სიტუაციისადმი ყურადღებისა, არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია უკრაინის ხელისუფლების ნდობის დაკარგვით საზოგადოების უდიდესი ნაწილის წინაშე. ამ კონტექსტში ნებისმიერი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ პოულობს გამოძახილს უკრაინელთა გონებასა და გულებში. ამის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის ფაქტორს აქტიურად იყენებენ ადგილობრივი ელიტები, როგორც კოალიციის ფარგლებში, ასევე ხელისუფლება-ოპოზიციის ხაზზე. ზუსტად იგივე სქემით, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა ითამაშა საკუთარი როლი უკრაინის პრემიერ მინისტრის ა. იაცენიუკის გადაყენებაში.

მოკლედ, ყურადღებას იქცევს არა სააკაშვილი, არამედ საკმაოდ დაძაბული და წინაღმდეგობრივი შიდაპოლიტიკური ვითარება, რომლის ნაწილიცაა სააკაშვილი.


Analitica.ge: უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემდეგ, ბევრი ელოდა უკრაინის ხელისუფლებისგან აქტიურ ქმედებებს სააკაშვილის წინააღმდეგ. რამდენად მოსალოდნელი იყო 5 დეკემბრის მოვლენები?


- სამწუხაროდ უკრაინაში დამკვდრდა წესი, როცა პოლიტიკოსის ან საზოგადო მოღვაწის ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა აღიქმება „პოლიტიკურ ზეწოლად". რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში რთულია სამართლებრივი მოქმედებები განახორციელო მათ მიმართ, ვინც საკუთარ თავს ოპოზიციონერს უწოდებს. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის ვერ ახერხებენ საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებას, იმდენად სარწმუნოს, რომლებიც გამორიცხავდა ამგვარი საქმის ფიგურანტებისგან ნებისმიერ სპეკულაციას. არ დაგვავიწყდეს არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, რომლებიც მტკივნეულად რეაგირებენ ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯებზე მათი ყოფილი ან არსებული „რჩეულების" მიმართ, რომელთა შორის, რა თქმა უნდა სააკაშვილიცაა.


რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველანაირად ეცადა ზეწოლა მოეხდინა სააკაშვილსა და მის მომხრეებზე(გავიხსენოთ თუნდაც მისი გარემოცვიდან რამდენიმე პირის დეპორტაცია), მაგრამ ზოგადად,  საზღვრის კვეთის საეჭვო ისტორიიდან სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა საკმაოდ მარტივად დააღწიეს თავი, რაც მათ შესაძლოა ჩათვალეს კარტბლანშად მომავალი ქმედებებისთვის.


შეგვიძლია ვიდაოთ, კანონის მხრივ რამდენად საფუძვლიანი იყო  სააკაშვილისა და მისი მომხრეებისთვის  ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის პარტნიორის დაფინანსებით სახელმწიფო გადატრიალების მზადების დაბრალება, მაგრამ ის რაც ხდებოდა 5 დეკემბერს, ეს ერთმნიშვნელოვნად იყო სამარცხვინო ალიყური არა მხოლოდ ძალოვნებს, არამედ მთლიანად კანონიერებისადმი.

 

Analitica.ge: რას უნდა ველოდოთ სააკაშვილისგან უახლოეს დღეებში?


- იმედი მაქვს სააკაშვილი "პოლიტიკოსის" რეჟიმიდან გადაერთვება "იურისტის" რეჟიმში და იმოქმედებს სამართლებრივ ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა კონფლიქტის მეტი ესკალაციისა, რაშიც მისი პოზიციები წინასწარ წამგებიანია.


Analitica.ge: რა გეგმა აქვს სააკაშვილს? ვის დაეყრდნობა? პოლიტიკოსებს, მეგობარ ოლიგარქებს თუ ხალხს?


- ამ კითხვაზე პასუხს განაპირობებს ის თუ რა მიზანს ისახავს სააკაშვილი. ამის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ მისი თანაგუნდელების, უფრო სწორად, შემთხვევითი თანამგზავრების მიზნები შესაძლოა სერიოზულად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ვიღაცას სურს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, ვიღაც დაინტერესებულია, ჩამოაშოროს პოროშენკო ხელისუფლებას, ვიღაცას სურს გაზარდოს საკუთარი გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, ვიღაცას უბრალოდ პოპულარობის გაზრდა სურს სააკაშვილის მეშვეობით რომ შემდეგ ეს გამოიყენოს მომავალ წინასაარჩევნო კამპანიებში. სააკაშვილის თანამებრძოლებში ბევრი სხვა მოტივაციაც შეიძლება იყოს. რა სურს სააკაშვილს? პოროშენკოზე შურისძიება? საპარლამენტო არჩევნების მოგება? პრემიერობა? პრეზიდენტობა? ძალისმიერი სცენარით ხელისუფლებაში მოსვლა? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ გამოკვეთილი არაა. ეჭვი მაქვს ამ ვითარებაში სააკაშვილი იქნება ინსტრუმენტი სხვისი და არა საკუთარი მიზნების მიღწევისთვის.


Analitica.ge: მზადაა უკრაინული საზოგადოება ხელისუფლების ცვლილებისთვის?


- ეს საკითხი არა მხოლოდ მომწიფდა, დიდი ხნის წინ გადამწიფდა კიდეც, რადგანც არსებულმა ხელისუფლებამ დიდი ხნის წინ დაკარგა ყოფილი მხარდამჭერების სიმპათიები. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების რეიტინგების ვარდნას. ამასთანავე, აქტუალურია კითხვა, თუ ვინ შეიძლება იყოს არსებული ხელისუფლების ალტერნატივა და რაც მთავარია, როგორ მოხდება ხელისუფლების შეცვლა. იმედი მაქვს, ამ კითხვაზე უკრაინის მოქალაქეები პასუხს გასცემენ დემოკრატიული არჩევნებით და არა რამე ძალადობრივი ქმედებებით. და ამ კონტექსტში სააკაშვილის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალების პერსპექტივები საკმაოდ სავალალოა, არცერთ მათგანს არ აქვს შანსი გადალოხოს ბარიერი და მოხვდეს პარლამენტში.


Analitica.ge: თქვენ პირადად თუ გჯერათ უკრაინის გენპროკურის, რომ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა?


- სააკაშვილისთვის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის დაბრალებით გენპროკურორს აშკარად გაბუქებული წარმოდგენები აქვს სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების როლზე უკრაინულ პოლიტიკაში. გადატრიალების თავი მათ ნამდვილად არ აქვთ, აი ტურბულენტობის შექმნა კი შეუძლიათ, განსაკუთრებით „რევლუციის წინა სიტუაციაში", თუმცა ამით დიდი ალბათობით სულ სხვა სუბიექტები ისარგებლებენ. რაც შეეხება დევნილი იანუკოვიჩის გუნდის წევრისგან ფულის აღებას, თავად ეს ფაქტი არ ითვლება დანაშაულად.

 

Analitica.ge: საქართველოში ბევრს გაუკვირდა, როგორ ვერ მოახერხა სპეცრაზმმა დაკავებული სააკაშვილის გადაადგილება, მითუმეტეს, რომ მისი მხარდამჭერების რაოდენობა არ იყო დიდი. სპეცრაზმს დღეს მეორე ჩავარდნაც მოუვიდა. როგორ შეიძლება ამის ახსნა? მითუმეტეს, რომ მსგავსი ჩავარდნა პირდაპირ ურტყამს უკრაინის ხელისუფლების და პირადად პორშენკოს იმიჯს?


- იმ ფონზე როცა საზოგადოებაში კატასტროფულად დაბალი ნდობაა ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ძალიან პრობლემურია ძალადობის გამოყენება მაშინაც, როცა ის არათუ დაშვებული, არამედ კანონითაც არის მოთხოვნილი. არ მგონია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერთა ცემით და დარბევით ხელისუფლება დადებით რეზულტატს მიიღებდა. უფრო პირიქით. ვითარება შეიძლება კონტროლიდან გამოსულიყო. დღეს პრიორიტეტული უნდა იყოს ძალადობის ესკალაციის არდაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის ესკალაცია კატასტროფულ შედეგებს მოუტანს უკრაინის სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში კარავში, მიტინგზე ან საკუთარ პენტჰაუზში მჯდარი სააკაშვილის დემაგოგია ბევრად ნაკლებ სახიფათოა ვიდრე ძალადობრივი დაპირისპირება.



წყარო: Analitica.ge 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner