logo_geo
eng_logo
აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან
- +

7 დეკემბერი. 2017. 03:29



აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა დაგმო და მას უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უწოდა. სტამბოლში, აშშ-ის საელჩოსთან რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მშვიდობიანი დემონსტრაციით გააპროტესტა.


ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით კი, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა სასიკვდილო განაჩენია მათთვის, ვინც მშვიდობას ეძებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი „ესკალაციის საფრთხეს ქმნის".


ტუნისის გავლენიანი ლეიბორისტული კავშირის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ომის გამოცხადების ტოლფასია.


ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ და პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა კი სატელეფონო საუბარში შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის სავარაუდო შედეგები განიხილეს. ალ-სისიმ დააფიქსირა, რომ ეგვიპტე არ ეთანხმება აშშ-ის ამ ნაბიჯს და ყველა შედეგს, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს.


მაჰმუდ აბასმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იერუსალიმი პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია და ეს სულ ასე იქნება.


მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა აფიქსირებს ტრამპის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიციას და ხაზს უსვამს, რომ მათი საელჩო თელ-ავივიში დარჩება.


შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას კატეგორიულად გმობს ირანიც. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო რეზოლუციებს არღვევს.


სატელეფონო საუბარში განიხილეს ტრამპის გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები საუდის არაბეთის მეფე სალმანმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის შეფასებით კი, იერუსალიმის მომავალს პრეზიდენტები ვერ გადაწყვეტენ და ამას მხოლოდ ქალაქის ისტორია განაპირობებს.


დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას შეშფოთება მოჰყვა ევროკავშირშიც. ფედერიკა მოგერინის თქმით, უნდა მოინახოს მოლაპარაკებების გზა იერუსალიმის სტატუსის გადასაწყვეტად, რომ ის ორივე სახელმწიფოს დედაქალაქად დარჩეს.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner