საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ივლისის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვს. მთავრობის ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება „ევრო-2016"-ისა და „ტურ დე ფრანსის" დასრულებამდე იგეგმება.
საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 10 ივნისიდან მასპინძლობს. საფრანგეთის პრემიერის თქმით, „ევრო-2016"-ზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.
„ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება უნდა მოხდეს უსაფრთხო პირობებში და ამავე დროს უნდა იყოს ზეიმის შეგრძნება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. საგანგებო მდგომარეობა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, თუმცა ასეთი მასშტაბიანი ღონისძიებებისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ის", - განაცხადა მანუელ ვალსმა.
საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის 13 ნოემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის ვადა 26 მაისს იწურება, ხელისუფლებას მისი კიდევ ორი თვით გახანგრძლივება სურს.