logo_geo
eng_logo
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი - რატომ არის დონალდ ტრამპის განცხადება მნიშვნელოვანი?!
- +

7 დეკემბერი. 2017. 22:30



იერუსალიმს ისრაელისა და პალესტინისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  ეს ქალაქი არის სამი მთავარი რელიგიის ადგილი: იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის.


ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე საერთაშორისოდ არასდროს ყოფილა აღიარებული და ყველა  ქვეყანა საელჩოებს თელ-ავივში ხსნიდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს თელა-ვივიდან გადმოიტანს.


აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც ძველ ქალაქსაც მოიცავს, 1967 წლის 6 დღიანი ომის შემდეგ ისრაელის მიერ იყო ანექსირებული, მაგრამ ამ დრომდე საერთაშორისო დონეზე, მისი როგორც ისრაელის ნაწილის აღიარება არ მომხდარა.


ისრაელი პალესტინის 1993 წლის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად,  ისრაელის სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე უნდა განიხილონ.




ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სახელით ცნობილი დაპირისპირება, უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის და ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. კონფლიქტმა დღემდე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მისი წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ტერიტორიული დაპირისპირება სახელდება, თუმცა არ გამორიცხავენ რელიგიურ მოტივსაც, რომელშიც აღთქმულ მიწაზე დაბრუნება მოიაზრება. დღეს ქვეყნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ისინი ვერ თანხმდებიან აღმოსავლეთ იერუსალიმისა და მდ. იორდანის დასავლეთ სანაპიროს სტატუსზე. მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის მიზეზები უფრო ღრმა წარსულშია საძებნი. სწორედ ამიტომ, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით საჭიროდ მივიჩნიეთ მოკლე ისტორიული ფონი მოგვეყვანა.


ძვ.წ. I საუკუნეში დღევანდელი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოები იყო განთავსებული. თუმცა, ახ.წ-ით 70 წელს, ებრაელებს იძულებით დაატოვებინეს იერუსალიმი, როგორც სასჯელი რომის იმპერიისადმი აჯანყებისთვის. მოგვიანებით კი მათმა უმეტესობამ პალესტინის ტერიტორიებიც მიატოვა, ამჯერად ნებაყოფლობით და სხვა ქვეყნებში მიგრირდნენ. დღესდღეობით, პალესტინის მიწებზე არაბი მოსახლეობა სახლობს, რომლებიც აქ ხალიფატის მიერ დაპყრობის შემდეგ, მერვე საუკუნეში გადმოვიდნენ. (გაჩეჩილაძე, 2003, 317)


აღმოსავლეთის კონფლიქტის სათავედ შეიძლება ჩაითვალოს 1948 წლის 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს შექმნა. ეს გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, ისევე როგორც 1974 წლის 29 ნოემბერს პალესტინის ტერიტორიაზე ინგლისის მანდატის გაუქმება და ერთ მიწაზე ორი - ებრაული და არაბული სახელმწიფოს შექმნა. ამან რეგიონში ვითარების ცვლილებას მისცა დასაბამი, რაც გულისხმობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ებრაელთა ტალღის მოდინებას და არაბებს შორის დასახლებას. ამან ბუნებრივია არაბული სამყარო გააღიზიანა და „პალესტინელი არაბების შევიწროების ფაქტორად იქნა აღქმული და არცთუ უსაფუძვლოდ" ( ღირსიაშვილი, 2003). გაერო-ს რეზოლუციის თანახმად, პალესტინის ტერიტორია არაბულ და ებრაულ სახელმწიფოებად გაიყო, შესაბამისად 43, 5 % და 56, 5 % შეფარდებით. იერუსალიმი კი საერთაშორისო კონტროლქვეშ ქალაქად გამოცხადდა ( კვიტიაშვილი, აბდალაძე, 2008, 226-227).


იმ ფაქტმა, რომ არაბები მოსახლეობის რაოდენობით ებრაელებს აღემატებოდნენ და ნაკლებ ტერიტორიას ფლობდნენ, უსამართლობის გრძნობა გააღვივა ხალხში და ინტერესთა კონფლიქტი საომარ მოქმედებებში გადაზარდა. ომი როგორც უკვე აღვნიშნეთ 1948 წლის 14 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას პალესტინის გარდა, კიდევ 5 არაბული სახელმწიფო იღებდა ესენია: ეგვიპტე, იორდანია, სირია, ლიბანი და ერაყი. საომარი ქმედებები პალესტინისთვის არცთუ სახარბიელოდ დამთავრდა, რადგან გამარჯვება ისრაელს ხვდა წილად და მეტი ტერიტორია მიიღო როდოსის ზავის თანახმად. პალესტინა-ისრაელის 1948 წლის ომის შედეგებით, ამ უკანასკნელის გავლენა გავრცელდა იერუსალიმის დასავლეთ ნაწილზეც, აღმოსავლეთი იერუსალიმი კი იორდანიას დაექვემდებარა. ღაზას სექტორი ეგვიპტის გამგებლობაში აღმოჩნდა. 1950 წელს კი, ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გადავიდა და იგი დედაქალაქად გამოაცხადა (მალაყმაძე, ანთაძე, 2013).


სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ, რომლითაც ისრაელმა მოიპოვა კონტროლი აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, არაბული რაიონების ჩათვლით. ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც დღემდე დავის საგნად რჩება ისრაელსა და პალესტინას შორის. კონფლიქტის მოგვარებაში, თავის მხრივ, სხვადასხვა სახელმწიფოები ჩაერთვნენ, მათ რიგებში, ბუნებრივია, ამერიკაც მოხვდა. მათი ინიციატივით მოწვეულ იქნა არაერთი კონფერენცია, რომლებზეც იქმნებოდა ებრაულ-არაბული კომისიები. განსაკუთრებით საგულისხმოა 1993 წლის სექტემბრის შეთანხმება, რომელიც დაიდო ისრაელსა და პალესტინას შორის, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. ამ შეთანხმების თანახმად, უნდა შექმნილიყო პალესტინური ავტონომია ღაზას სექტორსა და იერიქონში, ჩამოყალიბებულიყო პალესტინის პოლიცია და ადმინისტრაცია. ოსლოში დაწყებული მოლაპარაკებების დასკვნითი აკორდი, ვაშინგტონში გაფორმდა ბილ კლინტონის მონაწილეობით, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა და პალესტინის წარმომადგენელმა იასირ არაფატმა თავიანთი ხელმოწერით დაადასტურეს მშვიდობის დამყარების სურვილი. ეს კი ოსლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას გულისხმობდა.


ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე წელია ჩიხში შევიდა. პალესტინელების განცხადებით, ისინი მოლაპარაკებებს იმ პირობით განაახლებენ, თუკი ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობას შეაჩერებს და ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს. ისრაელის პოზიცია კი ამ საკითხზე შემდეგია - პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდას წინაპირობების გარეშე უნდა დაუბრუნდნენ ( ამერიკის ხმა, 2014).


ბოლო პერიოდში, პალესტინაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ რადიკალურად განწყობილი ძალები, რომლებსაც მიზნის მისაღწევ მთავარ საშუალებად ტერორიზმი მიაჩნდათ. ისინი ახორციელებდნენ, ტერორისტულ აქტებს სადავო ტერიტორიებზე, მათ კი „ვალში არ რჩებოდა" ისრაელიც, რომელიც თავის მხრივ დამსჯელ პოლიტიკას ატარებდა. ძალადობა კიდევ უფრო დიდ ძალადობას იწვევდა. მის ყველაზე სისხლიან გამოვლინებად იქცა ახლად ჩამოყალიბებული დაჯგუფებები : „ჰამასი", „ისლამური ჯიჰადი" და „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები". ამ ორგანიზაციებშიც იყოფა აზრი. ერთნი ისრაელის განადგურებას ისახავენ მიზნად, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს არარეალურია და მთავარია კონცენტრირდნენ პალესტინის დეოკუპაციაზე, რათა შემდგომში მშვიდობიანი თანაარსებობა შეძლონ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner