logo_geo
eng_logo
ლია გიგაური: მანდატური კვლავ თითოეული მოსწავლის დამცველი იქნება
- +

8 დეკემბერი. 2017. 01:27


 

„ვაპირებთ, პროექტების დაგეგმვის პროცესში მოსწავლეებისგან, ახალგაზრდებისგან მოვისმინოთ, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზებს", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".


„უმოკლეს ვადაში ვიწყებთ აქტიურ კამპანიასა და ღონისძიებებს. ძალიან მალე სკოლებში საკონსულტაციო აქტივობები სამი მიმართულებით, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მიმართულებით დაიწყება. როგორც დღეს პრემიერმაც აღნიშნა, დაიწყება კიდევ ერთი კამპანია, რომელიც იქნება ხანგრძლივი, თანმიმდევრული და პერმანენტული ხასიათის, რაც ახალგაზრდების, მოსწავლეების მოსმენას გულისხმობს", - განაცხადა გიგაურმა.


მისი თქმით, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია ბავშვისადმი კეთილგანწყობილ სასკოლო გარემოსა და სასკოლო კულტურას გულისხმობს, სადაც თითოეული ბავშვი ფიზიკურად თუ ემოციურად თავს დაცულად გრძნობს, სადაც ისეთი გარემოა შექმნილი, რომ თითოეულ ბავშვს სწავლისა და თანატოლებთან თუ პედაგოგებთან ურთიერთობის მოტივაცია აქვს.


„სამინისტრო ამბობს, რომ ყველა სკოლას ექნება ფსიქოლოგიური სერვისი. ჩვენ სწორედ ამ სისტემის აწყობაზე ვმუშაობთ. გვაქვს ფსიქოლოგიური ცენტრები და მობილური ჯგუფები და პირველ ეტაპზე დაიგეგმა, თითოეულ რესურსცენტრთან არსებობდეს ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც სკოლებს მოემსახურება", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.


ლია გიგაურმა მანდატურის სამსახურთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიმართულებით შეიქმნა, პირველი შეხვედრაზევე იმსჯელა, როგორ შეიძლება მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის მეტი კოორდინაცია და ეფექტური თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს.


„ეს არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ სკოლაში საპატრულო პოლიცია შევა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიციური სკოლისკენ მივდივართ, სადაც ორიენტაცია კონტროლზე იქნება. რჩება კვლავ ზრუნვაზე ორიენტირებული სისტემა და მანდატური თითოეული მოსწავლის მხარდამჭერი, დამცველი იქნება. მანდატურს ახლაც ეს ფუნქცია აქვს, მაგრამ კომპეტენციების გაძლიერების მიმართულებით მაქსიმალურად მეტი გვინდა მივიღოთ. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მანდატურის ფუნქციების საკანონმდებლო დოკუმენტების გადახედვა", - განაცხადა ლია გიგაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner