logo_geo
eng_logo
თეთრი ძაფით ნაკერი „თეთრაძის საქმე“ საბოლოოდ გაირღვა!
- +

20 აპრილი. 2016. 15:15


სანამ ალექსანდრე მუხაძეს, იმავე „ქილერას", მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას საქართველოში ეტაპით არ ჩამოიყვანენ და იმ გლდანის ციხეში არ გაამწესებენ, სადაც ისინი პატიმრებს ცოცხლად ატყავებდნენ, საზოგადოება ვერ ჩათვლის, რომ სერგო თეთრაძის საქმეზე სამართალმა იზეიმა!


„ქართულ აბუ-გრეიბად" წოდებულ გლდანის მე-8 საპყრობილეში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამება და მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა ჩაიდინა.


შეგასხენებთ, რომ პოლკოვნიკი თეთრაძე - სამშობლოსათვის სისხლდანთხეული კაცი, რომლის მონაწილეობის გარეშეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ არცერთ ომს არ ჩაუვლია, სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა, ხოლო როცა მისგან აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღო, მოკლა!


დიახ, როცა სააკაშვილის ჯალათები სერგო თეთრაძეს არაადამიანური მეთოდებით აწამებდნენ და გაუპატიურებაც კი დაუპირეს, საქართველოს ერთგულ პოლკოვნიკს გული გაუსკდა!


დიახ, პოლკოვნიკმა სერგო თეთრაძემ სააკაშვილის ჯალათებს თავი შეაკლა და მათ მიერ შეთითხნილი „სამშობლოს ღალატი" არ დაიბრალა!


ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, იგივე „ქილერა" და ამავე საპყრობილის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები - ოლეგ ფაცახია და ვიქტორ ყაჭეიშვილი.


როგორც იცით, „ქილერა" საქართველოდან გაქცეულია და მას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.


სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ასევე დაუსწრებლად გასამართლდა ახალაიებისა და მეგის ქარდავას ძმაკაცი, ყოფილი პოლიციელი და პირწავარდნილი სადისტი კოხტა კოდუა, რომელმაც საქართველოდან გაქცევა კოხტად და უპრობლემოდ მოახერხა. მას სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.


სასამართლომ სერგო თეთრაძის წამებაში უდანაშაულოდ ცნო სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ასევე ცნობილი მწამებელი და მწვალებელი მეგის ქარდავა, თუმცა, მას იმავე საქმის სხვა ეპიზოდზე, რომელიც მსჯავრდებულების - ჩიკვატიასა და ლონდარიძის წამებას ეხებოდა, 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


სერგო თეთრაძის წამებაში მეგის ქარდავას გამართლება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მოკლული პოლკოვნიკის ოჯახისათვის. სერგო თეთრაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნანა თეთრაძემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა, რაშიც ისინი მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს ადანაშაულებენ.


მოკლედ, სერგო თეთრაძის საქმეზე სამართალი თითქოს აღდგა და არც აღდგა!


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სანამ ალექსანდრე მუხაძეს, იმავე „ქილერას" მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას საქართველოში ეტაპით არ ჩამოიყვანდნენ და იმ გლდანის ციხეში არ გაამწესებენ, სადაც ისინი პატიმრებს ცოცხლად ატყავებდნენ, საზოგადოება ვერ ჩათვლის, რომ სერგო თეთრაძის საქმეზე სამართალმა იზეიმა!



***

ე.წ. „ჯაშუშების საქმეში", პოლკოვნიკ სერგო თეთრაძესთან ერთად, კიდევ 3 ადამიანი იყო მსჯავრდებული - დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი.


2015 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება გამოსცა და დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტი - ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს, სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების - მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციასა და ვიქტორ ყაჭეიშვილის ორგანიზებითა და მონაწილეობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული პირები  - სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, არარსებული დანაშაულის აღიარების მიზნით აწამეს, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ კი დამატებით განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.


უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგეი ჩიპლიგინის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმებულიყო და გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო.


სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა და სერგო თეთრაძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებული პირები - დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, რომლებმაც საპყრობილე 2013 წლის იანვარში პოლიტპატიმრების სტატუსით დატოვეს, ამა წლის 13 აპრილს სრულად გაამართლა.


ამდენად, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეკერილი და უნიჭოდ შეთითხნილი „ჯაშუშების საქმე" დღეისათვის სრულიად გაცამტვერებულია, ყოფილი მსჯავრდებულები კი, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, რეაბილიტირებული არიან, თუმცა ამ დღეს ვერ მოესწრო პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რომლის სიცოცხლეც სააკაშვილის ჯალათებმა შეიწირეს.



***

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სერგო თეთრაძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პირებს სასამართლომ 3 წლის წინანდელი გამამტყუნებელი განაჩენი გაუუქმა და ისინი სრულად გაამართლა, ინტერვიუსათვის ბატონებს - გიორგი გორელაშვილსა და დავით ლონდარიძეს დავუკავშირდით.


გიორგი გორელაშვილმა განგვიცხადა, რომ მომხდარის გახსენება უმძიმს და აღარ სურს, კიდევ ერთხელ ისაუბროს იმ დეტალებზე, თუ როგორ სასტიკად აწამეს სააკაშვილის ჯალათებმა. 3 წელია, ერთსა და იმავეს ვლაპარაკობ, დავიღალე, აღარ შემიძლიაო, - გვითხრა მან.


ინტერვიუზე თავაზიანი უარი გვითხრა დავით ლონდარიძემაც - ჩემი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ინტერვიუს მოცემა არ შემიძლიაო.


თუმცა, „ასავალ-დასავალის" არქივი ინახავს დავით ლონდარიძის სკანდალურ ინტერვიუს, რომელიც მან ჩვენს გაზეთს და, კერძოდ, ჩვენს აწ გარდაცვლილ კოლეგას თეა ასათიანს 3 წლის წინათ მისცა.


დიახ, ინტერვიუში, რომელიც „ასავალ-დასავალის" 2013 წლის მე-4 ნომერში (28 იანვარი-3 თებერვალი) გამოქვეყნდა, დავით ლონდარიძემ დეტალურად გაიხსენა თავისი წამების დეტალები და მწამებლებსაც საქვეყნოდ დაადო ხელი:


„მთელი დღე ვიყავი სამხედრო პოლიციაში და მთელი დღე იქ იყვნენ ახალაიები. სამხედრო პოლიციაში დაკითხვებისათვის საგანგებო ოთახი იყო, რომელსაც „გუბკიან" ოთახს ვეძახდით. კედელზე სპეციალური „გუბკა" იყო გაკრული, რომ წამების ხმა გარეთ არ გასულიყო და ნაწამებ ადამიანს კედელზე შეჯახებით თავის მოკვლა არ ეცადა. ამ ოთახში შემიყვანეს. ქართველი კაცი ისეთ სისაძაგლეს არასოდეს გააკეთებს, რაც იმათ გამიკეთეს.


წამაქციეს და წაქცეულს თავში წიხლებს მირტყამდნენ. თავდაპირველად თავზე ხელებს ვიფარებდი, მაგრამ თითები მომტყდა, საშინელ ტკივილს ვგრძნობდი და ამიტომ ვცდილობდი, ხელები დამემალა. წაქცეულ კაცს სამი თუ ოთხი ადამიანი მირტყამდა. ყოველი წიხლი თავში მხვდებოდა. მიუხედავად ამისა, ვერ მაღიარებინეს.


გაუპატიურებით დამემუქრნენ. ვიფიქრე, რომ ამას არ გააკთებდნენ და ისევ უარზე ვიყავი, მაგრამ როცა შარვალი და ტრუსი გამხადეს და დაიძახეს, მეტრა....ე შემოიყვანეთო, მაშინ მართლა შემეშინდა, ვუთხარი - ეგ არ გააკეთოთ და რაც გინდათ იმას ვიტყვი-მეთქი".


ასე „აღიარებინეს" დავით ლონდარიძეს „რუსეთის ჯაშუშობა", მაგარმ ამას არ დასჯერდნენ და აიძულეს, სხვა უდანაშაულო ადამიანებისთვისაც დაედო ხელი:


„თავად დამისახელეს სამი გვარი. მათგან ერთ-ერთისთვის ხელი უნდა დამედო და მეთქვა, რომ ინფორმაციას მას ვაწვდიდი. ესენი იყვნენ გენერალი ნაირაშვილი, პოლკოვნიკი თეთრაძე და მესამე გვარი აღარ მახსოვს, რადგან არც არასდროს მსმენია. სამივე გვარი ფურცელზე დაწერეს და თითი თეთრაძეზე დამადებინეს".


დავით ლონდარიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ხელი დაადო სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებს, რომლებიც მის წამებაში უშუალო მონაწილეობას იღებდნენ:


„დათა ახალაია კეთილი ადამიანის როლს თამაშობდა, ბაჩო ახალაია - ბოროტის. ბაჩო რომ მაგინებდა და მირტყამდა, დათა მეუბნებოდა, ხომ იცი, რომ მკვლელია, აღიარე, თავს რატომ აკვლევინებო.


ბაჩო ახალაიამ პისტოლეტი „გლოკი" პირში ჩამიდო, ვინატრე, ნეტავ დატენილი იყოს-მეთქი, ხელში ვწვდი, ვცდილობდი, სასხლეტისთვის თითი გამომეკრა და ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო, მაგრამ იარაღი დატენილი არ იყო.


მუხაძემ ბოლოს რაღაც ნემსი გამიკეთა, არ ვიცი, რა იყო, მაგრამ ყველა ტკივილი მომეხსნა, საოცრად კარგად ვიგრძენი თავი, ყველაფერი დამავიწყდა. რასაც მეტყოდნენ, ყველაფერზე ვთანხმდებოდი".


აი, ძვირფასო მკითხველო, ასეთი არაადამიანური მეთოდებით აწარმოებდა სააკაშვილის რეჟიმი „კუდიანებზე ნადირობას"!


ასეთი მტარვალური ხერხებით ხდებოდა „რუსეთის ჯაშუშების გამოვლენა" და პოლიტიკური გასამართლება!


ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის არის, რომ საქართველოს ერთგულ და უღალატო ჯარისკაცებს „რუსეთის ჯაშუშობას" აბრალებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი რუსეთს ჩააბარა და საოკუპაციო ჯარი ლამის თბილისამდე მოიყვანა, კოდორის ხეობა კრემლს ტყვიის გაუსროლელად უფეშქაშა და საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდა!



***

სერგო თეთრაძის საქმე, რომელიც თეთრი ძაფით იყო ნაკერი, საბოლოოდ გაირღვა და დაიშალა!


სააკაშვილის რეჟიმის მიერ „რუსეთის ჯაშუშებად" შერაცხილი პირები გამართლდნენ!


და მაინც, სამართალს ჯერ პური არ უჭამია!


სამართალი მაშინ აღსრულდება, როცა ნაციონალური მოძრაობა, ფაშისტური პარტიის მსგავსად, ახალ „ნიურნბერგის პროცესზე" გასამართლდება და პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალება, მთავარი დამნაშავე სააკაშვილი კი გლდანის ციხეში ჩაჯდება და დარჩენილ ცხოვრებას ბალანდის თქვლეფაში გაატარებს!

 

ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner