ავტორი ალა გრიგალაშვილი
„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, დამეფიცება, რომ არავის საკითხი არ განხილულა, არ განხილულა, ვინ სად იქნება", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სიის ფორმირებაზე მიმდინარეობს კონსულტაციები.
„ვერ მოვიცალე, ამ კონსულტაციებში ჩავერთო. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ფრაქციის თითოეული წევრის მომავალს, პერსპექტივას, რადგან ეს არის გუნდი, რომელმაც თავის მხრებზე გადაიტანა რთული წინასაარჩევნო პერიოდი 2012 წელს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა აქვს, რომ ეს გუნდი შენარჩუნდეს, რადგან მიმაჩნია, რესურსი საკმაოდ საინტერესოა. აუცილებელია, ეს რესურსი განვითარდეს და შემდეგ უკვე ვისაუბროთ ახალ სახეებზე", - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში, ვოლსკის თქმით, არათუ ახლა, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის დროსაც არასოდეს კარნახობდა გუნდს და არასოდეს იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ამგვარ საკითხებთან მიმართებაში.
„დღეს ყველა საკადრო საკითხს წყვეტს პოლიტიკური საბჭო და შტაბი, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩამოყალიბდება ყრილობის შემდეგ. მანამდე დარჩა სულ 3 კვირა", - განაცხადა ვოლსკიმ.