logo_geo
eng_logo
გიორგი გოგოლაშვილი: დღეს სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, აღარ არსებობს
- +

8 დეკემბერი. 2017. 12:58



განათლების სისტემა რომ დანგრეულია და ამ სფეროში სავალალო მდგომარეობაა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს.


წელსაც გამოცდებზე გასული მოსწავლეებისა და პედაგოგების შედეგები კატასტროფული იყო. 2016-2017 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში 12 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა... პედაგოგთა გამოცდებიც სავალალო შედეგით აღინიშნა - სასერტიფიკაციო გამოცდებზე 80% ჩაიჭრა. გამოცდებზე 22 799 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან არ გამოცხადდა 5 662. გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 13 673-მა. გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3 464-მა ჩააბარა, ანუ, დაახლოებით, 20%-მა. განათლების სისტემაში შექმნილ ვითარებაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გიორგი გოგოლაშვილი geworld.ge-ს ესაუბრა.


- ორი-სამი კვირის წინათ რუსთაველის საზოგადოებამ მწერალთა კავშირში ჩაატარა შეხვედრა. შეხვედრაზე განათლებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მომხსენებელი მეც ვიყავი. ბევრი მიფიქრია ამ თემაზე. რასაც დღეს ვუყურებთ, კატასტროფაა და ეს 1990-იანი წლებიდან დაიწყო. წინსვლა არ არის, სულ უკან მივდივართ და, ბოლო ათწლეულში რაც ხდება, ამაზე საუბარიც კი ზარავს ადამიანს. განათლების დანგრევაში დამნაშავეა განათლების სამინისტროც, უნივერსიტეტიც და სკოლაც.


კახა ლომაია რომ დანიშნეს მინისტრად 2004 წელს, მან და განათლების საპარლამენტო კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ჩატარდა კვლევა და გაირკვა, რომ მეხუთეკლასელთა უმეტესობამ წერა-კითხვა არ იცისო. ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო. მათ ბრიფინგს ვესწრებოდი და ვიკითხე - ვის სჭირდება ეს კვლევა და სტატისტიკა-მეთქი?


ლომაიასაც და ბერძენიშვილსაც ეს კვლევა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ „განვითარებადები" ვყოფილიყავით. შესაძლოა, ეკონომიკაში გვიჭირდა, მაგრამ განვითარებადი ქვეყნის სტატუსს არავინ მოგცემს, თუ განათლება და კულტურა მაღალ დონეზე გაქვს. საჭირო იყო ამ სფეროს დაბალ დონეზე გადაყვანა, წინააღმდეგ შემთხევაში, არაფერი გამოვიდოდა.


ჩვენ განათლების პრობლემა არ გვქონდა, მეტიც: საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე იყო მეცნიერება, რაც ხელს არ აძლევდათ, ამიტომ დაიწყეს ნგრევა მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტის და საბოლოოდ დაღუპეს ეს სფერო. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მეტი ფული შემოსულიყო ქვეყანაში მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების დონის „ასამაღლებლად". განვითარებად ქვეყნებს ხომ ფულით ეხმარებიან.


არის ასეთი პროგრამები - ჯორჯ სოროსის, ალენ დალესის და ა.შ., რომლებიც კულტურული წარსულისთვის ზურგის შექცევას, წარსულთან დამაკავშირებელი ფესვების გადაჭრას ითვალისწინებს. ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა და ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

 

- განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად არაფერი კეთდება?


- ამბობენ, ეროვნული გამოცდები კარგიაო. შესაძლოა, ამას რაღაც დადებითიც მოუძებნოს ადამიანმა, ერთი შეხედვით, თითქოს ქრთამის აღება აღარ ხდება, მაგრამ... ჩვენ ჩავატარეთ კვლევა უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე, ანუ იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. სტუდენტებს მივეცით კითხვარი, ელემენტარული შეკითხვები იყო, მაგრამ სავალალო შედეგები მივიღეთ: მათ არ იცოდნენ, რომელ ბრუნვაში იყო მოცემული სიტყვა და ამას ვამბობ მათზე, ვინც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოხვდნენ. ეროვნული გამოცდები ისეთ პრინციპზეა აგებული, რომ მოსწავლემ შეიძლება არ წაიკითხოს შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და მიიღოს მაღალი შეფასება. ეროვნული გამოცდები იმ პრინციპით ააგეს, რომ ცოდნა საჭირო აღარ არის.


დღეს ისეთი ვითარებაა, ერთ პიროვნებას ხელს ვერ დაადებ, ბრალს ვერ დასდებ. მაგალითად, გამოდის ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მას შემდეგ, რაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე წარმოუდგენლად ბევრი ბავშვი ჩაიჭრა, და ამბობს, დამნაშავეები განათლების სისტემის ზოგიერთი უწყების წარმომადგენლები არიანო, ისინი კი მიმინოშვილს ადანაშაულებენ. სირცხვილია, რადგან ეს ერთი სისტემაა. ორივე დამნაშავეა. გამოცდებამდე მიჰყავთ ბავშვი, რომელსაც არ აქვს ელემენტარული ცოდნა, არადა, ნახეთ, სად გადის მინიმალური ზღვარი და რა დაბალ დონეზეა საუბარი...


დღეს არ არსებობს მოსწავლე, რომელმაც ვერ ისწავლა და კლასში ჩარჩა ან გარიცხეს დაბალი აკადემიური მოსწრების გამო. არადა, ეს აუცილებელია, უარყოფითი ნიშნის დაწერა დანაშაული არ არის. არ შეიძლება, ახალგაზრდა არ სწავლობდეს და უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდეს. არიან ახალგაზრდები, რომელთაც წყლის ფორმულა არ იციან; არიან ახალგაზრდები, რომელთაც „ვეფხისტყაოსნის" შინაარსი არ იციან. ჩვენს ქვეყანაში ეროვნული გამოდეგენერატების ფორმულა მუშაობს. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც კაცი დღეს პროკურორია, ხვალ - განათლების მინისტრი და შემდეგ მიდის განათლების მისაღებად საზღვარგარეთ.


მინისტრის სავარძელში ისხდნენ ლომაია, გვარამია, შაშკინი, თუნდაც მარგველაშვილი. არადა, ქვეყანაში უამრავი პროფესიონალი გვყავს.


იაკობ გოგებაშვილის მთავარი პრინციპი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისას ეროვნულობა და ზნეობრიობა იყო, ჩვენ კი სურვილი დავკარგეთ, გვყავდეს განათლებული ახალგაზრდობა.

 

- ვინ გაანათლებს ახალგაზრდებს? პედაგოგთა 80% საკვალიფიკაციო გამოცდებში ჩაიჭრა...


- მართალია, თანაც ჯერ ქართული ენის გამოცდების შედეგები არც გამოუქვეყნებიათ. წინა წლებში ქართულში მასწავლებელთა უმრავლესობა ჩაიჭრა ტესტებში, რომლებიც სკოლის მოსწავლემაც უნდა იცოდეს. სახელმწიფო ასეთ ფაქტებს არ უნდა ამხელდეს, არ შეიძლება ამის გახმაურება, ყველაფერი ჩუმად უნდა მოხდეს და არც ერთი მათგანი, სკოლას არ უნდა გააკარო.


ბავშვების ნახევარზე მეტი რეპეტიტორთან დადის და გამოცდების ჩაბარება მაინც უჭირს. რუსთაველის საზოგადოებასთან ერთად ჩავატარეთ კვლევა მეთერთმეტეკლასელებთან. ისინი ჯერ რეპეტიტორებთან არ დადიან, მაგრამ მეათე კლასში გაიარეს „ვეფხისტყაოსანი". შევადგინეთ ძალიან მარტივი ტესტები „ვეფხისტყაოსნიდან", შევიტანეთ აუცილებელი საზეპიროები და მათ ისინი არ იცოდნენ. ეს ყველაფერი გავარკვიეთ და ისიც ვიცით, პასუხი ვის მოვთხოვოთ. დამნაშავეა განათლების სამინისტროც და პედაგოგიც, მაგრამ, თუ ამას საზოგადოება გულგრილად შეხვდება, არაფერი გამოვა. მშობელიც დამნაშავეა. ბავშვს სკოლაში უშვებს, მართალია, პედაგოგის იმედად, მაგრამ ხომ უნდა იკითხოს, სკოლიდან რა მოიტანა, რა ასწავლეს? მომავალში შედეგი უფრო სავალალო იქნება, ჯერ კიდევ არა გვიშავს რა... ქვეყანაში აღარ არის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, აღარ არის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. სისტემა სრულად დაანგრიეს და თაობებს ვაუბედურებთ, ამაში დამნაშავეა როგორც ხელისუფლება, ისე რიგითი მოქალაქე.


საბჭოთა კავშირისდროინდელ განათლების სისტემაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ იდეოლოგიას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს იყო საუკეთესოდ აწყობილი სისტემა და მორგებული იყო ყველაზე, ვისაც სწავლა სურდა.


12-წლიანი სწავლება დაიწყეს სხვა ქვეყნების მაგალითით. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ეს არის, მართლა საჭიროა მეთორმეტე კლასი, მაგრამ ჩვენთან არავინ იცის, რას აკეთებენ ბავშვები ბოლო წელს, ეს კორუფციის წყაროა.


ქართული ენის სპეციალისტი ვარ. ჩვენს პერიოდში სკოლაში ქართული ენა და ქართული ლიტერატურა ისწავლებოდა, არ არსებობდა ისეთი ბავშვი, რომელიც სკოლას დაამთავრებდა და ელემენტარული ცოდნა არ ჰქონოდა. დღეს კი სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, აღარ არსებობს. ასწავლიან ბავშვებს ლიტერატურას და, თუ მასწავლებელი მოიცლის ან მოისურვებს, შეიძლება ენის გაკვეთილს რამდენიმე წუთი დაუთმოს. ქართული ენა სახელმწიფო ენაა და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დანაშაულია!


2010 წელს პირველი კლასიდან დაიწყეს ბავშვებისთვის უცხო ენის სწავლება. მაშინვე ამბობდნენ ფსიქოლოგები, რომ იღუპება თაობა, რომელსაც პირველივე სასწავლო წელს, მშობლიურ ენასთან ერთად, უცხო ენას ვასწავლით, ამით ბავშვის ფსიქიკა ზიანდება, მაგრამ ეს არავინ შეისმინა. „ბავშვმა ჯერ მშობლიურ ენაზე უნდა ისწავლოს წერა-კითხვა, ანგარიში და შემდეგ - უცხო ენაზე", - თქვა დიდმა მეცნიერმა შოთა ნადირაშვილმა.


ტელევიზიები ხალისობენ, ქუჩაში ახალგაზრდებს აჩერებენ და მათ უცოდინარობას ააშკარავებენ, მე კი გული მიკვდება, მაგრამ რა უნდა უთხრა მათ, როდესაც პედაგოგები ვერ გადიან ელემენტარულ ტესტირებას. მასწავლებელთა 80% ტესტებს ვერ ძლევს და ყველა მათგანი ისევ სკოლაში რჩება, მათ ვერ გაყრიან იმიტომ, რომ მერე მასწავლებლის გარეშე დარჩებიან. ასე რომ, ამ ჩაჭრილ მასწავლებლებს კვლავ სკოლაში ვიხილავთ.


ახლა მშობლები ცდილობენ, ფასიან, ძვირადღირებულ სკოლებში მიიყვანონ ბავშვი, რათა ცოდნა მიაღებინონ, მაგრამ ესეც ძალიან ცუდია. სკოლიდან გამოსული ბავშვი სხვაგან მასწავლებელს არ უნდა ეძებდეს. გამოსაშვებ გამოცდაზე 12 ათასი ბავშვი რომ ჩაიჭრა, განათლების მინისტრმა თქვა, ზღვარს დავწევთ, რომ ეს აღარ განმეორდესო, ყოფილმა რომელიღაც მინისტრმა კი განაცხადა, საერთოდ უნდა გაუქმდეს გამოცდებიო... ასეთ ვითარებაში რა უნდა თქვას ადამიანმა?! შედეგზე არავინ დარდობს, მხოლოდ ზღვრის აწევა-დაწევაზე ფიქრობენ და არა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. არავინ ფიქრობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზეც, ცდილობენ, სიტყვა ბანზე აგიგდონ და კომბლეზე საუბარი ურჩევნიათ. მინისტრს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ჩაჭრილ პედაგოგებზე, არ მომისმენია მისი აზრი, როგორ აპირებს ვითარების გამოსწორებას.

 

- სადამდე შეიძლება მივიდეს ასეთ ვითარებაში ქვეყანა?


- ჩვენ უკვე მივედით იქამდე, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გვჭირდება. თუ გნებავთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ბავშვებს მივცეთ წიგნი და ხმამაღლა წავაკითხოთ. იცით, რამდენი ბავშვი წაიკითხავს ბლუკუნით? კითხვა აღარ იციან ახალგაზრდებმა. ლომაიამ და ბერძენიშვილმა მართლა გააკეთეს ის, რაც კვლევებში „იწინასწარმეტყველეს". რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პარლამენტარების მიერ შევსებული დეკლარაციები. სამარცხვინო იყო, მე შემრცხვა, როდესაც პარლამენტარების ნაწერი ვნახე: უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან ადამიანები, რომლებსაც ასოები ეშლებათ.


თავის დროზე აკაკი წერეთელმა თქვა: „ვინ არ იცის, რომ ჩვენი ბედისწერა განათლებაზედ არის დამოკიდებული?" მე მაქვს აკაკის ამ შეკითხვაზე პასუხი: ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ჩვენი ბედისწერა განათლებაზეა დამოკიდებული.


ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი




წყარო: geworld.ge






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner