logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: არის ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც არავინ ლაპარაკობს...
- +

8 დეკემბერი. 2017. 13:09


 

ტრაგედია ხორავას ქუჩაზე - უსამშობლოდ დარჩენილი ბავშვების ტრაგედია


- რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? რატომ არიან ეს მოზარდები ასეთი აგრესიულები? ვინ არის დამნაშავე მომხდარში - სკოლა? ოჯახი? საზოგადოება? რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს უბედურება არასოდეს განმეორდეს? - აი, კითხვები, რომლებსაც გასულ კვირას მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შეძრწუნებული და შეშინებული საზოგადოება სვამს.


რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიაა, რომ ამ შემზარავ ამბავს ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ისიც არანაკლებ დიდი ტრაგედიაა, რომ იმ მოზარდების სახით, რომლებმაც თანატოლები დანებით დაჩეხეს, რამდენიმე მკვლელი შეემატა მკვლელთა არცთუ ისე მცირერიცხოვან რიგებს.


იმედია, გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლევს ყველაფერს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ის ვერ დაადგენს და პასუხს ვერ გასცემს ერთ მთავარ კითხვას - რა ხდება ამ ქვეყანაში, რა ხდება იმ საქართველოში, სადაც ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია სულაც არ გახლავთ ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა?


როგორც წერილის დასაწყისში ვთქვით, შეძრწუნებული და შეშინებული საზოგადოება მომხდარში გარკვევას ცდილობს და იმ მიზეზებს ეძებს, რომლებსაც შეიძლება ეს ტრაგედია გამოეწვია, ამ ძიებაში კი ხან მანდატურებისკენ იშვერს თითს, ხან მასწავლებლებისკენ, ხან შსს-კენ და ა. შ.


მიზეზები მართლაც ბევრია, მაგრამ არის ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც არავინ ლაპარაკობს.


ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია და კიდევ სხვა ტრაგედიები, არის ტრაგედია იმ ბავშვებისა, იმ მოზარდებისა, რომლებსაც ჩვენ, უფროსებმა, სამშობლო დავუკარგეთ და ის ნიადაგი გამოვაცალეთ, რომელზეც ადამიანი ადამიანად უნდა აღზარდოს და სრულფასოვან მოქალაქედ უნდა ჩამოყალიბდეს.


ძალიან ვთხოვ ყველას, ეს სიტყვები პოეტური შეფერილობის მაღალფარდოვან სიტყვებად არ ჩამითვალოთ.


სინამდვილეში სწორედ ეს არის რეალური მიზეზი იმისა, რაც ჩვენს გარშემო ხდება და რასაც ვერ უძლებს მოზარდის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა.


ეს არის მორალურად და ფსიქიკურად ტრავმირებული თაობა, უსამშობლოდ, უეროვნებოდ, გრიგალის მიერ მიწიდან ამოგლეჯილ ხესავით უფესვოდ დარჩენილი თაობა, რომელსაც ვცდილობთ, არაფერი დავაკლოთ და შეძლებისდაგვარად მართლაც ყველაფერს ვაძლევთ, რისი გაღებაც შეგვიძლია, მაგრამ არ ვაძლევთ მთავარს - იმის გაგებას და შეგრძნებას, ვინ არიან ისინი? ვისი გორისანი არიან? რა წარსულიდან, რა ტრადიციებიდან მოდიან და როგორები და რანაირები უნდა იყვნენ, რომ ყველა წოდებაზე, ყველა ტიტულზე აღმატებული, ღირსეული ადამიანის სხელი ერქვათ.


ვინმემ უთხრა, ვინმემ აუხსნა ამ ბავშვებს, რომ ქართველი კაცისთვის უდიდეს სირცხვილად, ლაჩრობად, არაკაცობად ითვლებოდა, თუ ვინმეს დანას დაარტყამდა?!


ასეთ კაცს მთელი საზოგადოება მოკვეთდა და ზურგს შეაქცევდა ხოლმე, როგორც უკანასკნელ ვიგინდარას და ნაძირალას.


ვინმემ უთხრა, ვინმემ აუხსნა ამ ბავშვებს, რომ ქართველ კაცს წარმოუდგენელ დაცემად მიაჩნდა, ერთ კაცს რამდენიმე ერთდროულად დასხმოდა თავს და ეცემა?!


არ გეგონოთ, რაღაც ძალიან შორეულ ამბებს ვყვებოდე - სულ რაღაც ნახევარი საუკუნე გვაშორებს იმ დღიდან, როცა ერთმა არაკაცმა დანით მოკლა ერთი გამორჩეული თბილისელი ბიჭი, რამაც შოკში ჩააგდო იმდროინდელი თბილისის საზოგადოება, იმდენად არაქართული, იმდენად არათბილისური იყო ის, რაც მოხდა.


დღეს ასეთი ამბები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელიც კი გვტკივა და გვწყინს, მაგრამ არ გვიკვირს, იმდენად შევეჩვიეთ და შევეგუეთ ყოველივე ამას.

უფრო მეტიც, დღეს ვიღაცა ვიღაცას დანით რომ დაჭრის, ეს ამბავი ვაჟკაცობად და კაიბიჭობად მიაჩნია და ვინ ხარ, რა ეროვნებისა ხარო, რომ ჰკითხო, - ქართველი ვარო, - ამაყად და თავმომწონედ გეტყვის.


არადა, არ არის ეს კაცი ქართველი - ქართული გვარ-სახელი კი აქვს, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი სალახანა და არამზადაა, რომელსაც ქართველობასთან არაფერი აკავშირებს, გარდა გვარ-სახელისა.


ამ მოზარდების რომ გვიკვირს, განა იმავეს არ აკეთებენ უფროსები - მათი უბნელები, თანაქალაქელები, თანასოფლელები, რომლებისთვისაც არაკაცობად არავის ჩაუთვლია დანით ადამიანების ჭრა და ჩეხვა.


ამ ქვეყანაში ყველაფრის სამინისტროს ხომ არ დავაარსებთ, თორემ ადამიანის ქართველად აღზრდის და კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბების სამინისტრო კი უნდა არსებობდეს საქართველოში.


ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თუმცა, სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.


ცალკე სამინისტრო კი არა, წესით და რიგით, მთელი სახელმწიფო სისტემა, პირველ ყოვლისა, ადამიანის ადამიანად, თავისი ქვეყნის პატრიოტად და წესიერ მოქალაქედ ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს.


ესაა სახელმწიფოს უმთავრესი და უპირველესი დანიშნულება და არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, სოფლის აღორძინებაზე, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ფიქრი, რადგან ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ქვეყანას პატრონი და გულშემატკივარი არ ეყოლება.


ვინ უნდა აღზარდოს, როგორ უნდა აღიზარდონ ეს ბავშვები კარგ ქართველებად, კარგ მოქალაქეებად, კარგ ადამიანებად, როცა არც სკოლა, არც მედია, არც მწერლობა, არც სახელმწიფო და საერთოდ, არავინ არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით.


ისინი მარტოდმარტო, უპატრონოდ, უკონტროლოდ იზრდებიან - სიძულვილით, აგრესიით, უსიყვარულობით გაჯერებულ იმ უდაბნოში, რომელსაც ინტერნეტსივრცე ჰქვია.


ისინი სხვა „ქვეყნიდან", სხვა „სახელმწიფოდან" არიან და ამიტომაც გვიყურებენ, როგორც უცხოებს, ამიტომაც არ ესმით ჩვენი.


ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, წამდაუწუმ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც ჩვენ ვბაძავთ, რომლებიც სამაგალითოდ მიგვაჩნია.


ჩვენ ნელ-ნელა ვემსგავსებით მათ და ეს ძალიან გვიხარია, თუმცა, გასაკვირია, რა არის ამაში გასახარელი?


თუ გვინდა, გადავრჩეთ, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ის საქართველო, სადაც ქართველები ქართველებად გაიზრდებიან და არა უსამშობლო, ურწმუნო, უჯიშო არსებებად.



ვახტანგ ხარჩილავა








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner