პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს:
„3 წელზე მეტია, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ატყუებს პრემიერ-მინისტრებს. ჯერ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ამჟამად კი ახალ პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს პროფესიულ განათლებაში ჩასატარებელი რეფორმები და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმა. მართლაც 2013 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების შემდეგ უკვე ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სანიკიძემ დაამტკიცებინა პროფესიული განათლების რეფორმების 2013-2020 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ამჟამად კი უკვე ახალ პრემიერ-მინისტრს თ. სანიკიძე არწმუნებს, რომ 2013 წელს დამტკიცებული პროფესიული განათლების რეფორმა არ არის სრულყოფილი და ვარგისიანი და სთავაზობს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის პროფესიულ განათლებაში ჩატარდეს სხვა რეფორმა და შემოღებულ იქნას გერმანული მოდელი და ე.წ. დუალური პროფესიული განათლება. თ. სანიკიძე არ გარკვეულა იმაში, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში შემოღებულ იქნას პროფესიულ განათლებაში გერმანული დუალური მოდელი მთლიანად ან მისი გარკვეული ნაწილი მაინც. არცერთ დამსაქმებელთან, არც საზოგადოებასთან, არც კომპეტენტურ ექსპერტებთან აღნიშნული საკითხის განხილვა არ მომხდარა. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, ვისი ეკონომიკაც ჯერჯერობით არ არის განვითარებული, ისევე როგორც გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, არ არის მზად, რათა პროფესიულ განათლებაში შემოღებულ იქნას გერმანიაში კარგად განვითარებული და განხორციელებული დუალური მოდელი.
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მოუწონებ მის სწორ ხედვას, წესრიგი დამყარდეს პროფესიულ კადრების მომზადებისთვის შემდგომი დაქმებისათვის, რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია უახლოვეს პერიოდში უშუალოდ მასთან ამ დარგში მომუშავე კომპეტენტური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს პროფესიულ განათლებაში ჩასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავისი მოღვაწეობის თითქმის 4 წლიანი მუშაობისა და შედეგიანობით დაარწმუნა ქვეყანა და საზოგადოება, რომ მათ დამოუკიდებლად არ ძალუდთ პროფესიულ განათლებაში სწორი რეფორმების დაგეგმვა და ჩატარება", - წერია მიმართვაში.