logo_geo
eng_logo
რუსთავში ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა
- +

20 აპრილი. 2016. 15:45


დღეს რუსთავს ევროკავშირის „მერების შეთანხმების" სადემონსტრაციო პროექტების (CoMDeP) მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი იან ვანდერსი, ევროპის კავშირის პროექტების მენეჯერი ვიოლა კალაბრესე, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში მიურელ ლამბერტი ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი რუსთავში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მიმდინერეობის ადგილზე გაცნობა იყო.  პროექტს, რომელიც რუსთავში არსებული სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს (#6, #40, #41), ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, „მერების შეთანხმების" სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის  ფარგლებში, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი და რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ. 808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162 238 ევროთი აფინანსებს.


       პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება უკვე დასრულებულია.  ,,მერების შეთანხმების" სადემონსტრაციო პროექტების მხარდამჭერი გუნდის და ევროკავშირის წარმომადგენლები დღეს რუსთავის მე-6 საბავშვო ბაღში შესრულებული სამუშაოს  შედეგებს ადგილზე გაეცნენ. მოგვიანებით კი, პროექტის მიმდინარეობის პრეზენტაცია რუსთავის მერს დავით ჯიქიას, საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებს და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარუდგინეს.


      ,,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება რუსთავში. შედეგად, ჩვენ ევროსტანდარტების შესაბამის სამ საბავშვო ბაღს მივიღებთ.  ამ პროექტით, 2015 წლის ბოლოს, რუსთავი  საუკეთესო პრაქტიკის დამნერგავ 10 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა. მინდა აღვნიშნო, რომ გრანტის ფარგლებში, ამ საბავშვო ბაღებში მხოლოდ ენერგოეფექტური რეაბილიტაცია ხორციელდება, დანარჩენ სამუშაოებს რუსთავის მერია წლის ბოლომდე  განახორციელებს. ზოგადად სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს 14 საბავშვო ბაღში გვაქვს დაგეგმილი", -განაცხადა რუსთავის მერმა.


                 პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები რუსთვის #40 და #41 საბავშვო ბაღებშიც მიმდინარე წელს განხორციელდება. განხორციელებული პროექტი რუსთავს, როგორც „მერების შეთანხმების" ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში.


           2011 წელს, ქალაქი რუსთავი ევროპის საერთო ხედვას შეუერთდა და ხელი მოაწერა „მერების შეთანხმების" ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO2-ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე აიღო ვალდებულება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner