logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა
- +

20 აპრილი. 2016. 16:06


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა, რომლითაც პრობაციის ეროვნული სააგენტო არასაპატიმრო სასჯელის ახალ სახეს - შინაპატიმრობას აღასრულებს.


კახა კახიშვილმა დიპლომატებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და არასაპატიმრო სასჯელების შემოღების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სასჯელი ჯერჯერობით მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება, მაგრამ საპატიმრო სასჯელის ალტერნატიული ფორმის გამოყენება სრულწლოვანთა მიმართაც არის დაგეგმილი. სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს სერვევი, რომლის მეშვეობითაც შინაპატიმრობის განხორციელება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით 1000 პირის მიმართ იქნება შესაძლებელი.


კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  შეძლებისდაგვარად ნაკლები ადამიანი უნდა იხდიდეს სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა ეს არ უნდა აისახებოდეს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებაზე და მთავრობა ამ მხრივ აქტიურად მუშაობს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მიიჩნევს, რომ  ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უმჯობესია  თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით ჩანაცვლდეს. კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული მიდგომა ძალიან წარმატებით გამოიყენება როგორც ევროპულ ქვეყნებში, ასევე, ამერიკაში.


„პატიმრობის ნაცვლად ალტერნატიული სასჯელის არსებობა, მით უფრო კონტროლირებადი საშუალებებით, ვფიქრობ,  ძალიან კარგია, რადგან ერთის მხრივ პატიმრების რაოდენობის შემცირება მოხდება და მეორეს მხრივ, საზოგადოებას არ შეექმნება საფრთხე. სამინისტროს მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თანამხმად, შინაპატიმრობის გამოყენება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით უკვე ზრდასრულ მსჯავრდებულებზეც იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დღეს დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან იმ  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზეც ისაუბრა, რომლის ინიცირებაც ახლო მომავალში მთავრობის ხდომაზე  მოხდება. მათ შორის პირობით მსჯავრდებულების მიმართ სპეციალური  მოწყობილობის გამოყენებაზე, რომელიც ალკოჰოლურ თრობას ზომავს.


„ადამიანები ხშირად დანაშაულს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების  ქვეშ სჩადიან.  ზოგიერთი 2-3 ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ არაადეკვატური ხდება. თუ სასამართლოს დამატებითი აკრძალვის უფლება მიეცემა, რაზეც ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ამოქმედდება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ალკოჰოლურ თრობას გაზომავს და ასეთ პიროვნებას დაუწესდება სასმელის მიღების აკრძალვა".

 

მინისტრის განცხადებით, ელექტრონული მონიტორინგის ამოქმედებისა და ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ, შემცირდება როგორც მსჯავრდებულების რაოდენობა, ასევე  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.


დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სასჯელის ალტერნატიული ფორმის დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯია, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას რეგიონში ერთ-ერთ მოწინავედ წარმოაჩენს.


ღონისძიების ფარგლებში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პირობით მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხის დამამუშავებელი საამქრო, სადაც პირობით მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ, რაც მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. გამოფენა-გაყიდვაზე ხის სათამაშოები, სხვადასხვა ნაკეთობები, აქსესუარები და ავეჯი  იყო წარმოდგენილი.

 

„სისტემის გასაუმჯობესებლად პრობაციონერებისა და მსჯავრდებულებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, მუშაობის უნარების განვითარება საზოგადოებაში მათ შემდგომ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. მსჯავრდებულთა მიერ პროდუქციის შექმნა და მათი გამოყენება საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების აღდეგნის პრინციპებსაც ხელს შეუწყობს", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში INL-ის მრჩეველმა ენტონი სტრეველერმა.


სასჯელის  ახალი სახის - შინაპატიმრობის  გამოყენება, სასამართლოების მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე დაიწყო.  შინაპატიმრობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ 6 თვიდან 1 წლამდე ვადით ინიშნება.  მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის აღნიშნული სახე შეეფარდება,  შესაძლებლობა ექნება სასჯელის მოხდის პერიოდში არ მოწყდეს ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს, სწავლას, სპორტულ თუ სხვა მსგავი სახის აქტივობებს. ასევე, გადაადგილდეს ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრულ დროს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner