თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ვაუჩერის მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუქმების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - თბილისი" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ გააკეთა.
ჯაბა სამუშიას თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტირებული ყველა ოჯახი გაორმაგებულ ვაუჩერს 2014 წლის შემოდგომიდან იღებს. ამასთან, ვაუჩერს ამ ბაზის მიღმამყოფი ის ოჯახებიც მიიღებენ, რომლებსაც 200 000-მდე ქულა აქვთ.
მისივე განმარტებით, ვაუჩერის გაცემის საბოლოო ფორმის განსაზღვრაზე ამჟამად თბილისის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს.
ეს არის ტექნიკური სამუშაო და არავითარ შემთხვევაში არ ეხება მის შინაარსობრივ მხარეს, რომელიც ორი თვის წინ განსაზღვრა საკრებულომ.
„ჩემი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან" ყოველთვის ცდილობენ, პრობლემა ხელოვნურად შექმნან და სიმართლის გარკვევამდე საზოგადოება აალაპარაკონ. არავითარი შინაარსობრივი ცვლილება არ ხდება.
ცალსახად მინდა განვაცხადო, არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები (70 000 ქულამდე მყოფი ოჯახები) მიიღებენ გაორმაგებულ კომუნალურ ვაუჩერებს (2014 წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად), არამედ ყველა ის ოჯახიც (20-ლარიან ვაუჩერს), რომლებიც ბაზაში 200 000-მდე ქულას ფლობენ.
სამუშაო ჯგუფი კი იმ ფორმების შემუშავებას განიხილავს, რომელთა მიხედვითაც ბენეფიციარებზე ვაუჩერის გაცემა უნდა მოხდეს", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.