შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რ.ლ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, გატეხილი შუშის ბოთლის გამოყენების მუქარით, მოლარეს გარკვეული თანხა გასტაცა და მიიმალა.
ასევე დადგინდა, რომ რ.ლ. 9 დეკემბერს, თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოლარეს თავს დაესხა, დანის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 10 დეკემბერს მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).