შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112"-დან 14:44 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.