logo_geo
eng_logo
„მათ დაკარგეს პოზიციები უკრაინაში და მოდიან საქართველოსკენ“ – ნიკოლოზ მჟავანაძე სააკაშვილის გეგმებზე
- +

20 აპრილი. 2016. 17:53


„უკრაინაში მიხვდნენ, რომ სააკაშვილთან და მის გუნდთან ურთიერთობა არ შეიძლება", - აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, თანამდებობებს პოროშენკოსთან დაპირისპირებული სააკაშვილის გუნდის წევრებიც დატოვებენ.



„პოროშენკოს, რომლის დახმარებითაც სააკაშვილი გადაბარგდა უკრაინაში, ბოლოს თავად დაუპირისპირდა სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ნდობა სააკაშვილის გუნდის წევრების მიმართ ვერ ექნებოდათ უკრაინელებს. სწორედ ამიტომ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირები: ზღულაძე, დეკანოიძე დატოვებენ თანამდებობებს, საყვარელიძე კი  უკვე გაათავისუფლეს. კვიტაშვილი საერთოდ გაემიჯნა და თქვა, არ ვარ საკააშვილის გუნდის წევრიო. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველასთან კონფლიქტშია: ოდესის მერთან, პოროშენკოსთან. დიდი ხანია ანონსდება, რომ უკრაინის პრეზიდენტი მას გაათავისუფლებს ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან და ეს მალე მოხდება. სააკაშვილის გუნდის წევრებიც უკლებლივ ყველა დატოვებს თანამდებობას", - ამბობს მჟავანაძე.



მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის და მისი გუნდის წევრების ყურადღება ახლა საქართველოსკენ არის მომართული.



„ახლა მათ სრული კონცენტრაცია აქვთ საქართველოსკენ. მიმდინარეობს დიდი თანხების მობილიზება, რომ საქართველოში „მაიდანი" მოწყონ არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე. მათ თქვეს კიდეც, NDI-ის კვლევის შედეგები თუ არ დაემთხვევა ცესკო-ს შედეგებს, დავიწყებთ წინასარევოლუციო ფონის შექმნასო. მათ დაკარგეს ყველა პოზიცია უკრაინაში და მოდიან საქართველოსკენ, რომ დაიბრუნონ სადავეები, რომელიც ჰქონდათ 2012 წლამდე", - აცხადებს მჟავანაძე.



მოახერხებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების თანადგომის მოპოვებას იმ პროცესებში, რაც მათ გეგმებშია, მჟავანაძე პასუხობს: „საზოგადოების თანადგომა მათ არც 2003 წელს ჰქონდათ, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, მათ თანხების მობილიზებით, სოროსის დახმარებით მოახერხეს შევარდნაძის ჩამოცილება. დღესაც ვიძახით, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, მაგრამ არც მაშინ ჰქონდათ.  თუმცა, ფული ისეთი რამეა, რომ ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია, ამიტომ მათ ახლა თანხებზე აქვთ აქცენტი, რომ დარიგებული თანხებით გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში. მაქვს ინფომაცია, რომ 20-30 მილიონის მობილიზებას აპირებენ ისინი წინასაარჩევნოდ, რომ ეს ფული გადანაწილდეს მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ მერე მთელი შტურმით წავიდნენ ხელისუფლებისკენ. რთული ბრძოლა გველის წინ, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და გამოაშკარავოს ეს პირები, რომლებსაც აღნიშნული გეგმები აქვთ. თუ ხელისუფლებამ მიუშვა პროცესები, ნაციონალები მას ჩამოაგდებენ", - განაცხადა მჟავანაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner