logo_geo
eng_logo
საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციას ლუკა კურტანიძე უხელმძღვანელებს
- +

11 დეკემბერი. 2017. 23:44



საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.


ყრილობას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პირევლი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე- პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი და სხვადასხვა სპორტული ფედერაციებიდან მოწვეული ოლიმპიელები.


საანგარიშო -საარჩევნო ყრილობის დელეგატებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელმაც მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციის (WOA) შესახებ და ეროვნულ ასოცაციასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: ,,მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაცია აერთიანებს ოლიმპიადებში მონაწილე სპორტსმენებს, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, მათი ეთნიკური, რელიგიური და სოციალური განსხვავებისა. ასოციაცია დახმარებას უწევს ეროვნულ ოლიმპიურ ასოციაციებს და მათ წევრ ოლიმპიელებს ოლიმპიური სულისკვეთების გავრცელების საქმეში, ეწევა სპორტთან დაკავშირებულ საქველმოქმედო საქმიანობას, იცავს ვეტერან ოლიმპიელთა ინტერესებს. მსოფლიოს 5 კონტინენტზე 148 ეროვნული ოლიმპიური ასოცოაცია არსებობს, ისინი წარმართავენ სხვადასხვა პროექტებს და ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებებს ოლიმპიელთათვის.

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის ახალარჩეული ხელმძღვანელობა უფრო ნაყოფიერად გაუძღვება საქმეს და აქტიურად ითანამშრომლებს მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციასთან. ამაში ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს."


ლერი ხაბელოვმა გაიხსენა მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტის ჟოელ ბუზუს ამასწინდელი სტუმრობა სეოკ-ში. ბუზუმ WOA-ს მიერ დაწესებული საერთაშირისო სერთიფიკატი - OLY პირადად გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტს. ამ სერთიფიკატს ყველა ქართველი ოლიმპიელი მიიღებს.


ყრილობის დელეგატებს ოლიმპიელთა ასოციაციის დებულება გააცნო სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.


საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე. ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაფაელ ჩიმიშკიანმა პრეზიდენტობის ალტერნატიულ კანდიდატად წამოაყენა წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე, რომელმაც თავისი კანდიდატურა ლუკა კურტანიძის სასარგებლოდ მოხსნა. სპორტული ფედერაციებიდან მოწვეული ოლიმპიელების სრული მხარდაჭერით ლუკა კურტანიძე არჩეული იქნა საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავჯდომარედ.


,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და ოლიმპიელებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენ კიდევ მოვაწყობთ შეხვედრას, სადაც ავირჩევთ ასოციაციის გამგეობას, შევიმუშავებთ მოქმედების გეგმას. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაცია აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, განვახორციელოთ ახალი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ოლიმპიელებისთვის," - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner