2017 წლის 5 დეკემბერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არცთუ სასიამოვნოდ დაამახსოვრდება. რატომ? რატომ და, ამ დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კიევური ბინის გაჩხრეკა დაიწყეს.
„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას", - აუწყა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა მედიას.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ მიხეილი ბინის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით დაიმუქრა. ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს, მიხვდა, რომ სააკაშვილი თავს არ მოიკლავდა.
ამასთან, ისიც ნათელია, რომ ექსპრეზიდენტი კარგი შოუმენია. ჰოდა, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციას შოუსთვის, გნებავთ, პიარისთვის იყენებს, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ სუიციდის სცენა გაითამაშა... ისე, სახურავებზე ძრომიალი სააკაშვილის პოლიტიკური კარიერისთვის ერთგვარი ლაიტმოტივია _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავის დროზე „კრიშაზე" მთავრობის სხდომაც კი გამართა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, „კრიშის დრამა" იმით დასრულდა, რომ სააკაშვილი დააკავეს, თუმცა რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ, მიშა ისევ ,,სვაბოდაზე" იყო. როგორ? როგორ და, ის მომხრეებმა გაათავისუფლეს - ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბორკილებდადებული მიხეილ სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კიევის პროკურატურამ „მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან" დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დასავლური მედია, წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით აღიძრა. პარალელურად, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა კიევში „რუსული ზამთრის" სცენარის რეალიზება აღკვეთეს.
„ჩვენ შევძელით ძალისმიერი სცენარის განვითარების საფრთხის აღკვეთა. ვფიქრობ, ჩვენს სპეცსამსახურებს მადლობა უნდა გადავუხადოთ კიევში „რუსული ზამთრის" მოსკოვში დაგეგმილი სცენარის ნეიტრალიზებისთვის", - აღნიშნა იური ლუცენკომ.
მისივე თქმით, უკრაინაში სააკაშვილის ქმედებები მოსკოვის ამ გეგმის მცირე ნაწილია.
„შემიძლია დავაანონსო, რომ გაგრძელება იქნება. სხვა ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები ასევე ჩართულნი არიან უფრო სახიფათო თამაშებში და ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მოვახსენებთ", - დასძინა ლუცენკომ, თუმცა სააკაშვილმა რუსეთთან კავშირი კატეგორიულად უარყო და ლუცენკოს ბრალი იქით დასდო: „ბრალს ვდებ ლუცენკოს მტკიცებულებების ფაბრიკაციაში. „რეგიონების პარტიასთან" რა კავშირზე შეიძლება იყოს საუბარი?! მინდა გითხრათ, რომ მათ განახორციელეს უბინძურესი პროვოკაცია. პოროშენკო არასდროს გახდება პუტინი, რადგან უკრაინელი ხალხი, თავისუფლების მოყვარული ხალხია. დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ უკრაინის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, რომელიც ხალხს აშანტაჟებს, იტაცებს ბიზნესებს, გარიგებაში შედის პუტინთან და სურს უკრაინელი ხალხი სიღარიბეში ჰყავდეთ. დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ საყვარელ უკრაინაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ისინი გვადანაშაულებენ დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თუმცა დანაშაულებრივი არაფერი ჩაგვიდენია. თვეების განმავლობაში მშვიდობიანად ვატარებდით აქციებს და გასულ კვირას ყველაზე დიდი მარში ჩავატარეთ. ამ მარშმა მათ დაანახა, რომ უკრაინელი ხალხი არსად გამქრალა და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ამიტომაც მათ დააჩქარეს ეს პროცესები. გუშინ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, სისხლის სამართლის საქმეები გახსნეს და ლუცენკომ ბრძანება გასცა ჩემზე კომპრომატების შეგროვების".
ასეა თუ ისე, მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: მოგვწონს თუ არა, მიშა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტია და, მინიმუმ, უხერხულია, როცა ქვეყნის ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი კარიერას ასე ასრულებს.
საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტებს ბედი არ სწყალობთ: ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე გაურკვეველ ვითარებაში დაასრულა; ედუარდ შევარდნაძეს ჩაი დაულიეს და შინ ისე გაუშვეს; მიხეილ სააკაშვილი სახურავზე დაიჭირეს, მეოთხე ანუ მოქმედი პრეზიდენტი კი... ვეტოების დადებითა და წინდების ქსოვითაა გატაცებული!
სააკაშვილის დაჭერამდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ასე ვთქვათ, დაფიქსირდა, რაზეც ქართულმა მედიამ ყურადღება მაინცდამაინც არ გაამახვილა. კერძოდ, პირველ დეკემბერს, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში SOS სიგნალი გაუშვა და მსოფლიოს აუწყა, თემურ ალასანიას, ესე იგი, ბიძაჩემს უკრაინაში არ უშვებენო.
„ბიძაჩემი აშშ-ში ცხოვრობს. ის მაღალი რანგის ყოფილი დიპლომატია. წლების განმავლობაში ნიუ-იორკში, გაერო-ს ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. ჩემს სანახავად ჩამოვიდა", - დაწერა მან Ffacebook-ის საკუთარ გვერდზე.
მართალია, პრეზიდენტყოფილმა განმარტა, რომ ალასანია უკრაინაში მის სანახავად მიდიოდა, მაგრამ ისინი, ვინც პოლიტიკურ ინტრიგებში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ თემურ ალასანიას უკრაინის სამანებთან გამოჩენა შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ავანტურის მანიშნებელი ყოფილიყო. საერთოდ, მხოლოდ მოსაზრება კი არა, იმის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს, რომ თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილისთვის „გაჭირვების ტალკვესია". მეტიც, ის როგორც პოლიტიკოსი, თავიდან ბოლომდე სწორედ ბიძამისის პროექტია.
ისე, სააკაშვილს ამ თემაზე საუბარი შეიძლება არ სიამოვნებს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ალასანიას მხოლოდ დიპლომატის კი არა, საბჭოთა უშიშროებაში მუშაობის ბეგრაუნდიც აქვს. მეტიც, სხვადასხვა წყაროს ვერსიით, თემურ ალასანია _ არც მეტი, არც ნაკლები - რუსული სპეცსამსახურის გენერალია. სხვათა შორის, ამ კონტექსტში საინტერესოა ერთი დეტალი, რომლის შესახებაც თავის დროზე უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა მითხრა. ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია საიდან ჰქონდა, მაგრამ ჩემი წყარო ირწმუნებოდა, რომ 2004 წლის იანვარში ანუ მას შემდეგ, რაც ინაუგურაცია დამთავრდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს გაემგზავრა. მართალია, ეს ოფიციალური ვოიაჟი გახლდათ, მაგრამ წყარო ირწმუნება, რომ ვიზიტის ორი - ღია და ფარული პროტოკოლი არსებობდა.
„სწორედ ამ ფარული პროტოკოლის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას თემურ ალასანია ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ცხოვრობდა და რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნებთან ფარულ შეხვედრებს მართავდა," - მითხრა თავის დროზე წყარომ.
ვინ არის თემურ ალასანია ამ პერსონის ოფიციალური დოსიე არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, Google-ის საძიებო სისტემაში მის ბიოგრაფიასაც ვერ იპოვით. სამაგიეროდ, უხვადაა ალასანიასთან დაკავშირებული პოლიტიკური ლეგენდები. ასე, მაგალითად, 2014 წლის მარტში, ერთ-ერთი ქართული ინტერნეტ-პორტალი სააკაშვილის ბიძაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თემურ ალასანიას ზოგი იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირებს და ზოგიც _ ზურაბ ჟვანიას დაღუპვას.
სტატიის თანახმადვე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, თემურ ალასანია თითქოს რუსი გენერლის, ბორისოვის ავტოში შენიშნეს. ამავე სტატიაში ავტორს ირაკლი კაკაბაძის ციტატა მოჰყავს: „ვიცი, რომ არსებობდა და არსებობს კონკრეტული მაფია, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბატონი თემურ ალასანია და ბატონი ერიკ გუდისი, რომელიც იარაღის გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა. ამ მაფიის წინააღმდეგ გამოვიდა ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია. 2005 წლის იანვარში იყო მუქარის ზარი ამ მაფიის ერთ-ერთი წევრისგან, კერძოდ, ერიკ გუდისისგან, რომელიც გახლავთ პუტინის დაახლოებული წრის წარმომადგენელი და მისი მუქარა ასე ჟღერდა, რომ მთავრობის ორი წევრი (ლაპარაკი იყო ზურაბ ჟვანიასა და კახა ბენდუქიძეზე), ერთი თვის მერე აღარ იქნებოდა იმ თანამდებობაზე, რომელზეც იყვნენ".
ამონარიდი ინტერნეტგამოცემა For.ge-ს სტატიიდან, რომელიც 2014 წლის გაზაფხულით თარიღდება:
მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსის პეტრე მამრაძის თქმით, წლების წინ თბილისში თემურ ალასანიას ასაკის კაცები ხშირად ამბობდნენ, რომ ალასანიას „კგბ"-ს თანამშრომლის სახელი ჰქონდა ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში და შემდგომ პერიოდშიც. პეტრე მამრაძე იმასაც აცხადებს, რომ თემურ ალასანია, როგორც რუსეთის მოქალაქე, სწორედ რუსეთის კვოტით მოხვდა გაერო-ში და მუშობდა გაერო-ს სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებულ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე. ვინც ერკვევა რუსულ სტრუქტურებში, კარგად იცის, რომ ამ თანამდებობაზე სამუშაოდ არ აგზავნიან ადამიანს, რომელიც არ არის კგბ-ს ანუ ამჟამინდელი ფსბ-ს სრული ნდობით აღჭურვილი პირი. პეტრე მამრაძისთვის ესეც ირიბი მტკიცებულებაა, რომ ალასანია მართლაც იყო და არის კგბ-ს ოფიცერი. ამასთან, მამრაძე ამბობს, რომ სწორედ თემურ ალასანია აქეზებდა სააკაშვილს და საზოგადოებაშიც ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს რუსეთთან მოლაპარაკება შედგა, თითქოს, ცხინვალსა თუ აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთი პრობლემებს აღარ შეგვიქმნის და მწვანე შუქი ანთებულია; ასევე, თურმე, მწვანე შუქია ანთებული აშშ-ის მხრიდან და შეიძლება, ოპერაცია ჩავატაროთ წარმატებულად და დავიკავოთ ჩვენი ტერიტორიები. სინამდვილეში, ყველამ იხილა, რითიც დაგვირგვინდა ეს ყველაფერი 2008 წელს.
„შესაბამისად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თემურ ალასანია არის ფსბ-ს შეგნებული აგენტი, ხოლო სააკაშვილს იგი იყენებს, როგორც გავლენის აგენტს. მსგავს საერთაშორისო სტრუქტურებში არსებობს ტერმინი - „სასარგებლო იდიო ტი". ეს სალანძღავი სიტყვა არ არის. ამ ტერმინით სპეცსამსახურებში აღნიშნავენ ადამიანებს, რომლებიც იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ სპეცსამსახურის დავალებას ასრულებენ... გაიხსენეთ, ბიძამისს ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა მასზე, მაშინაც კი, როცა აგვისტოს ომის შემდეგ პრესაში სკანდალი იყო, რაც სააკაშვილის იმიჯზე ცუდად მოქმედებდა, მან მაინც ღიად დანიშნა თემურ ალასანია გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად", - აღნიშნავს პეტრე მამრაძე.
ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, თემურ ალასანია მართლაც იყო საბჭოთა კავშირის კგბ -ს ოფიცერი, ერთი პერიოდი, საგარეო დაზვერვაშიც მუშაობდა. მისივე ინფორმაციით, თემურ ალასანია აშშ -ში ერთ-ერთი ოპერაციის დროს, უბრალოდ, „დაიწვა" და ამ გაშიფვრის შემდეგ ჩამოალაბორანტეს.
„ეს ფაქტები ფსბ-ს არქივებში უნდა მოვიძიოთ, თუმცა ამ მასალებს ჩვენ არავინ მოგვცემს. შემთხვევითი არ იყო, რომ თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილსაც ამზადებდა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ კგბ -ს განსაკუთრებული ტიპის სპეცდანიშნულების ჯარებში მოაწყო თავისი დისშვილი, რადგან კგბ-ს ჯარებში მოწყობის საშუალება აქვთ კგბ-ს მხოლოდ ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ თემურ ალასანია საბჭოთა კავშირის სუკ-ის სტრუქტურებში მუშაობდა. 1993 წლიდან მოყოლებული, თემურ ალასანიამ შექმნა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ უნდა გამოქვეყნდეს თემურ ალასანიას დეტალური ბიოგრაფია, თუ რას აკეთებდა იგი 70-ანი წლებიდან 80-ან წლებამდე და ყველაფერი გამოჩნდება", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
საიდუმლო ბინა წყნეთში ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში არაერთი ინტერვიუ ინახება საქართველოს დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც საინტერესო მინიშნებებს აკეთებს: „წყნეთში არსებობს აგარაკი, რომელიც ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც თემურ ალასანიასთან დაახლოებულია ...
- ეს აგარაკი საინტერესო რატომაა?
- 2012 წლამდე, ამ აგარაკზე თემურ ალასანია შეხვედრებს მართავდა...
- იარაღის უკანონო ბიზნესზე?
_ გამორიცხული არაფერია, თუმცა ეს პირველადი ინფორმაციაა, რომელიც არ დამიმუშავებია, თუ რა ტიპის შეხვედრები და ვისთან იმართებოდა...
თავის დროზე ბელორუსის უშიშროების საბჭოს მდივანი შეიმანი გახლდათ, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობაში თავიდან ფეხებამდეა გარეული. როგორც კი საქართველოში საერთაშორისო ტრანსნაციონალურ ჯგუფზე მსჯელობა ხმამაღლა დაიწყო, ლუკაშენკომ შეიმანი თანამდებობას მაშინვე ჩამოაშორა. არცთუ დიდი ხნის წინ, მინსკის გარეუბანში, შეიმანს მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია შეხვდნენ და ამ შეხვედრის მოწმეებიც არსებობენ...
ერთი სიტყვით, ლუკაშენკოს ერთი მიზანი აქვს _ სიტუაციიდან როგორმე გამოძვრეს, ანუ ზემოხსენებული განცხადებით მიანიშნებს, მეც და მიშაც რუსეთთან დაახლოებულები ვართო. სხვათა შორის, საქართველოდან გაქცეული ყველა ოდიოზური ფიგურა თავს ბელორუსს აფარებს - მინსკში ცხოვრობს.
- მაგალითად?
- იგორ გიორგაძე...
- საქართველოდან გაქცეული ,,ნაციონალებიც" ბელორუსში არიან?
- ამაზე რა გითხრათ, მაგრამ ზოგიერთ „ნაციონალს", მაგალითად, გივი თარგამაძეს ბელორუსში ხშირი მიმოსვლა ჰქონდა...
მოკლედ, ლუკაშენკო ამბობს, მიშა ჩემი მეგობარიაო, ესე იგი, მიშა რუსული პროექტია ანუ ლუკაშენკომ რამდენიც უნდა ამტკიცოს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვარო, სინამდვილეში, ასე არაა და ბელორუსის პრეზიდენტი იმდენ ხანს იქნება, რამდენ ხანსაც საჭიროდ პუტინი ჩათვლის და სკამიდან მაშინ გადმოაგდებს, როცა მოინდომებს. სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით, დიდი ხანია, აშშ-ის სპეცსამსახურები თემურ ალასანიას აკვირდებიან.
- რატომ?
- იმიტომ, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაშია შემჩნეული.
- სპეცსამსახურის ენაზე ,,დაკვირვება" იმას ნიშნავს, რომ ალასანია შიდაპატიმრობაშია და გადაადგილება შეზღუდული აქვს?
- არა. თემურ ალასანიაზე ამერიკულ სპეცსამსახურებს, ჩემი ინფორმაციით, ოპერატიული მეთვალყურეობა აქვთ დაწესებული!"
ვიზიტი საფრანგეთში
,,თემურ ალასანია საფრანგეთში საიდუმლოდ მიავლინეს", _ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ქართულ ინტერნეტპორტალ Fir.ge-ზე 2012 წლის მაისშია გამოქვეყნებული. გამოცემა, იმხანად რადიო „ფრანსის" ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეზე დაყრდნობით წერს, რომ იარაღის, შეიარაღებისა და უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოს სახელით იმყოფებოდა და გარკვეული ტიპის იარაღის შეძენა სურდა. სხვათა შორის, იმხანად ალასანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. ამონარიდი სტატიიდან: „ამ გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოში უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი ფირმები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები და იარაღის მწარმოებელი ქვეყნები. მოგეხსენებათ, საფრანგეთი იარაღის ლეგალური ბიზნესის თვალსაზრისით, ერთ-ერთი პირველთაგანია, თუ არ ვცდები, იგი ამ მხრივ მხოლოდ ამერიკასა და რუსეთს ჩამოუვარდება. „ევროსტატორიც" საფრანგეთში იმიტომ იმართება, რომ იგი იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა", - ამბობს ფოფხაძე.
მისი თქმით, ამ გამოფენაზე შეიარაღების სფეროში უმსხვილესი კონტრაქტების გაფორმება ხდება. ჟურნალისტი იხსენებს, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული ამ გამოფენაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის იყო ხოლმე წარმოდგენილი. ამიტომ, გიორგი ფოფხაძეს გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ღონისძიებაზე არავინ იყო მივლენილი. მოგვიანებით კი მან აღმოაჩინა, რომ ამ გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენდა პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია.
„ჩემი კონტაქტების საშუალებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ამ გამოფენაზე წარმოადგენდა არც მეტი, არც ნაკლები სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია. რა თქმა უნდა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა - რა უნდოდა იქ თემურ ალასანიას? მოგეხსენებათ, იგი ოფიციალურად არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. ამ გამოფენაზე კი წესით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. აქვე აღვნიშნავ, რომ რეესტრში, სადაც გამოფენაში მონაწილეთა ვინაობაა დაფიქსირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არავინ იყო წარმოდგენილი", - აღნიშნავს ჟურნალისტი.
გიორგი ფოფხაძე სკანდალურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამგვარ გამოფენაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ნაცვლად მივლენილი იყო პრეზიდენტის ბიძა, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს.
„თუ თემურ ალასანია რომელიმე სხვა თანამდებობაზე დანიშნეს და ჩვენ ეს არ ვიცით, თავისთავად ესეც სკანდალია, რადგან თუკი ქვეყანას პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე, მაშინ ამგვარ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს", - ამბობს გიორგი ფოფხაძე.
მოგვიანებით, ფოფხაძემ გაარკვია, ოფიციალურად რა მოტივით იყო გამოფენაზე ალასანია ჩასული. ფოფხაძის თქმით, ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტის ბიძა იქ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიტინგებისა და მანიფესტაციების დასაშლელი თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძენად იყო მივლენილი. თავად ამ მოწყობილობების შესყიდვაში უცნაურს გიორგი ფოფხაძე ვერაფერს ხედავს, რადგან ტექნოლოგიები ვითარდება და უკვე არსებობს ისეთი იარაღები, რომლებიც მიტინგების დასაშლელად უფრო ეფექტურია, მაგრამ მომიტინგეებს დაზიანებებს არ აყენებს. მაგრამ ჟურნალისტს უჩნდება სავსებით სამართლიანი კითხვა, თუკი ამგვარი მოწყობილობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება, მაშინ გამოფენაზე რატომ იყო ამისთვის მივლენილი თემურ ალასანია და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
„გამოდის, რომ თემურ ალასანია საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველია და ამავდროულად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელიც არის. ამდენად, იგი სამ თანამდებობას ითავსებს და სამ უმნიშვნელოვანეს უწყებას წარმოადგენს. თუმცა ამის გარდა, აქ კიდევ ერთი სკანდალია. კერძოდ, არაოფიციალურად ჩემთვის, ჩემი წყაროებიდან (ეს დადასტურებული ინფორმაციაა) ცნობილი გახდა, რომ თემურ ალასანია იქ ცდილობდა კონტაქტი დაემყარებინა იმ ფირმებთან, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარებით არიან დაკავებულები. ყველაფერი ეს კი, დროში უცნაურად დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში დაეხმარება. როგორც ჩანს, ალასანია იმისთვის იყო ჩამოსული საფრანგეთში, რომ თუკი ვთქვათ, ამერიკელები ქართულ მხარეს ხუთ ამგვარ დანადგარს მისცემენ, დამატებით კიდევ ხუთს, ალბათ, თვითონ შეიძენს და ეს უკვე სკანდალია", - აცხადებს გიორგი ფოფხაძე, რომელიც სვამს კითხვას - თუკი საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას, მაშინ რატომ აგზავნის ამისთვის თემურ ალასანიას, რომელიც საამისოდ უფლებამოსილი არ არის და ამასთანავე, რატომ ხდება ყველაფერი ეს შენიღბულად, რატომ არ არის ეს პროცესი ქართული საზოგადოებისთვის ღია და რატომ ხდება ამ საკითხის შენიღბვა მიტინგების დასაშლელი მოწყობილობებით? ამასთან დაკავშირებით თავად გიორგი ფოფხაძეს ორი ვერსია აქვს. პირველი ვერსიის თანახმად, სააკაშვილს სურს ვიღაცას აჩვენოს, რომ მის ქვეყანას კარგი შეიარაღება აქვს.
„როგორც ჩანს, სააკაშვილს უნდა ვიღაცას აჩვენოს, - აი მე უკვე სერიოზული შეიარაღება მაქვს და ის ბიჭი აღარ ვარ, თითი მიქნიოთო. მეორე ვარიანტი, რაც მე ძალიან მაეჭვებს (ამ ვერსიის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვარაუდის დონეზე ამასაც ვფიქრობ) არის შემდეგი - რამდენადაც თემურ ალასანია მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა არაერთხელ მოიხსენიეს ადამიანად, რომელიც იარაღის არალეგალურ ვაჭრობასთან ასოცირდება, ხომ არ ვართ იმ ფაქტის წინაშე, რომ საქართველო იარაღის არალეგალური ვაჭრობის გამტარი ქვეყანაა? შესაძლებელია ამ გამოფენაზე გაფორმდეს რაღაც კონტრაქტი, გარკვეული იარაღი შევისყიდოთ, რომლის ბაზირებაც საქართველოში კი არ ხდება, არამედ შემდეგ მიდის რომელიმე მესამე ქვეყანაში და ამ პროცესის გაკონტროლება ძალიან ძნელია. ნათქვამია, ქურდმა ერთი ცოდვა ჩაიდინა და დამბრალებელმა ათიო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამგვარი რამის მტკიცება ცოტა ძნელია, მაგრამ თუკი ქართულ პოლიციას აქვს უფლება „საფუძვლიანი ეჭვი" ჰქონდეს, რატომ არ მაქვს იგივე უფლება მე, ჟურნალისტს, როდესაც ალასანიას სახელი იარაღის არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო ნახსენები"? - ამბობს გიორგი ფოფხაძე.
გიორგი ფოფხაძის მონათხრობთან დაკავშირებით For.ge სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურს ესაუბრა. მელითაურის განცხადებით, თავად ინფორმაცია იმგვარად არის წარმოდგენილი, რომ მასზე მსჯელობა ცოტა რთულია, თუმცა იგი დამაფიქრებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ იარაღის გამოფენაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თემურ ალასანია იყო მივლინებული. გიორგი მელითაური ამბობს, რომ როგორც წესი, ამგვარ ღონისძიებებზე მიდის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ან სხვა უწყების ისეთი წარმომადგენელი, რომელსაც სპეციალური ცოდნა გააჩნია. ეს შეიძლება იყოს სამხედრო ან სამოქალაქო პირი, მაგრამ მას სპეციფიკური ცოდნა უნდა ჰქონდეს, რადგან ამგვარ გამოფენაზე, გარდა თოფისა და ავტომატისა, წარმოდგენილია უამრავი საქონელი, რომელსაც სამხედრო, ან ორმაგი დანიშნულება აქვს, ანუ გამოიყენება სამხედრო მრეწველობაში, მაგრამ პირდაპირ იარაღის დანიშნულება არ აქვს. მაგალითად, ლაზერული, ოპტიკური ან სხვა ასეთი ტიპის მოწყობილობები, რომლებიც სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად გამოიყენება.
„თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი შევქმნათ, ყველა წამყვანი ფიგურა დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ შესწავლილი იქნას ბაზარი, ანუ სად, რა და როგორ შეიძლება შევიძინოთ", - ამბობს გიორგი მელითაური და აქვე განმარტავს, რომ თუკი ალასანია მართლაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შესაძენად იყო გამოფენაზე ჩასული, მაშინ იგი კარგი საქმით არის დაკავებული, რადგან საქართველოს ეს მოწყობილობა ნამდვილად სჭირდება და რაც უფრო მალე მივაგნებთ ადგილს, სადაც ამის კარგი პირობებით შეძენა შეიძლება, მით უკეთესი.
„შეიძლება ითქვას, რომ მოწოდებული ინფორმაცია ორმაგ განწყობას ქმნის. ჩემი აზრით, უფრო შემაშფოთებელია, თუკი პოლიციისთვის მიტინგების დასაშლელი მოწყობილობების ძებნა ასეთ დონეზე ხდება, ვიდრე ის, რომ დავუშვათ, ალასანია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი სამხედრო ბაზარს შეისწავლის. ვინაიდან საქართველო ამ გამოფენაზე წარმოდგენილი არ არის და ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ვსწავლობთ ამ ბაზარს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ გამოფენაზე თემურ ალასანია იქნება, ბაჩო ახალაია, თუ ვინმე სხვა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს", - აცხადებს მელითაური.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ზემოთქმული მოწმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა ერთგვარად რუხი კარდინალია, რომლის ბიოგრაფიაში ბევრი შავ-ბნელი ლაქაა. ისე, რამდენიმე წლის წინ, როცა ამის თაობაზე პოლიტიკოსებმა საუბარი ღიად დაიწყეს, ალასანიამ განაცხადა, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მივმართავო, მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა, თემურ ალასანიამ საკუთარი ღირსების დაცვა გადაიფიქრა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ არ უნდოდა, საკუთარი X-ფაილები გაესაჯაროვებინა.
ვანო პავლიაშვილი