logo_geo
eng_logo
ქეთევან ბოჭორიშვილი: „ანაკლია სითი“ იქნება ქალაქი, სადაც ბევრი თბილისიდან გადავა საცხოვრებლად
- +

12 დეკემბერი. 2017. 10:38



რა სიკეთეს მოუტანს „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი" საქართველოს, როდის შეიქმნა პროექტი და რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებს  ქალაქ ანაკლიასა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობაზე დამსაქმებელი, „აიპრესის" კითხვებს სააქციო საზოგადოება „ანაკლია სითი"-ს აღამასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი პასუხობს. 


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა ჩვენს ქვეყანაში 60-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობდა, თუმცა დღემდე ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი გემების მიღებას შეძლებს, რაც დღემდე არსებული პორტების პირობებში შეუძლებელი იყო. დიდი გემების შემთხვევაში გადაზიდვა უფრო ეფექტურია, უფრო სწრაფი და იაფი. რა თქმა უნდა, ამ დერეფნის გამოყენებით უკვე დაინტერესდნენ მსხვილი კომპანიები, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალინ დიდ პოტენციალს აჩენს.


- ბათუმისა და ფოთის პორტის გამოყენება რატომ არ იყო შესაძლებელი?


- დღევანდელ პორტებს 8 მეტრიანი სიღრმე აქვს, რომელიც მხოლოდ 1500 TEU-ს მოცულობის გემების მიღების საშუალებას იძლევა.


ჩვენი ამოცანაა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მივიღოთ 10 000 TEU-ს მოცულობის გემები, რაც იმას ნიშნავს რომ, საქართველოს მიმართ ინტერესი ბევრად გაიზრდება.


ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ კარიბჭე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ასევე, ევროპასა და სამხრეთის ქვეყნებს შორის, მაგალითად ირანისა და ინდოეთის მიმართულებით.


2014 წელს იაპონურმა კომპანია OC Global და Padeco-ს კონსორციუმმა განახორციელა კვლევა იმის დასადგენად თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსათვის და თუ სად უნდა ყოფილიყო ის. კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა ქვეყნის განვითარებისთვის იყო აუცილებელი.


პორტი დიდი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, კიდევ უფრო დიდი ბიძგი კი იქნება პორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ლოგისტიკური ცენტრები, წარმოებები და ინფრასტრუქტურა განვითარდება. "ანაკლია სითი" და ეკონომიკური ზონა ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობამ უნდა გაიყვანოს საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტამდე და ეკონომიკურ ზონამდე. როდესაც ამხელა ინფრასტრუქტურა იქმნება, მნიშვნელოვანია, რომ გადადინების ეფექტი მასშტაბური იყოს.

 

- რამდენმა კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა და რამდენი მფლობელი ეყოლება ანაკლიის პორტს?


- 12-მა კომპანიამ. 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომელიც ორი ძალიან მსხვილი კომპანიისგან შედგება. დამფუძნებლები არიან "თიბისი ჰოლდინგი", რომელსაც საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი აქვს წამოწყებული, მაგალითად "ბორჯომი", "თიბისი ბანკი" ასევე, უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესი. მეორე ორგანიზაციაა ამერიკული კომპანია "კონტი ინტერნეშენელი", რომელსაც 100-წლიანი ისტორია აქვს მშენებლობის მიმართულებით. ასევე არიან სხვა მფლობელებიც, რომლებიც იდეის და ამ პროექტის ირგვლივ გაერთიანდნენ.


აქვე მინდა აღვნიშნო, სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ამერიკულ ტერმინალ ოპერატორთან, რომელიც არის "ესესეი მარინი" (SSA Marine), რაც ნიშნავს, რომ ამ ტერმინალის ოპერირებას ამერიკული კომპანია გაუწევს. ეს ოპერატორი მსოფლიოს 250 ლოკაციაზე მუშაობს. ანაკლიის პორტი იქნება თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე მართვის სისტემებით მართული.


შესაბამისად, მინიმალურ დონეზე იქნება დაყვანილი, პორტის დაკეტვის დღეების რაოდენობა წელიწადში, რაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით 5% ია. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არსებული პორტების ინფრასტრუქტურა არ არის აღჭურვილი შესაბამისი სტანდარტით რის გამოც უამინდობის დროს პორტები ხშირად დახურულია. ეს კი საერთაშორისო კომპანიებისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა რის გამოც საბოლოოდ ქვეყანა კარგავს ტვირთის მოცულობას.


ახალი თანამედროვე ანაკლიის პორტი იქნება საერთაშორისო მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი, თავისი ამწეებით, გადაზიდვის ხელსაწყოებით, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ პორტის დახურვა უამინდობის გამო არ მოხდეს. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო სატრანზიტო რუკაზე ანაკლიის პორტის სახით გაჩდეს საიმედო პარტნიორი.


პორტი არის 16 მეტრი სიღრმის და მივიღებთ 10 000 TEU-ს მოცულობის გემებს.


- ანაკლიის პორტი სადაც უნდა აშენდეს, სულ რამდენიმე მეტრში სამეგრელოსა და აფხაზეთს ადმინისტრაციული საზღვარია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, რამდენად მიზანშეწონილი და უსაფრთხოა იქ პორტის მშენებლობის დაწყება?


- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ პროექტში ინვესტირება. ის რომ ელჩებიდან დაწყებული ყველა დონის სტუმარი ჩადის ანაკლიაში ტერიტორიის დასათვალიერებლად და არაერთი განიხილავს ინვესტირებას, ვფიქრობ, რომ ამ პროექტს კიდე უფრო მეტ ძალას მატებს. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ეს არ არის გადაულახავი ბარიერი. პირიქით, შეიძლება ეს იყოს სამაგალითო პროექტი რომლითაც მსოფლიოს ვაჩვენებთ, რამდენად კარგად შეიძლება საქართველოში წარმატებული პროექტების, პირველ რიგში განხორციელება და შემდეგ მართვა.


- ხომ არ ყოფილა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისგან ან რუსეთის მხრიდან ანაკლიას პორტის მშენებლობაზე რამე წინააღმდეგობა?


- ზოგადათ წინააღმდეგობა და გამოწვევები ყოველთვის არის, თუმცა დაბრკოლებებს წარმატებულად ვართმევთ თავს.

 

- რამდენი კვლევაა ჩატარებული?


- მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა 60-იანი წლებიდან მოდიოდა, იმ სტადიას რა სტადიაშიც დღეს არის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი, არასდროს ყოფილა.


წინასწარი კვლევების ჩამონათვალი უზომოდ დიდია, დეტალურად შესწავლილია როგორც ნიადაგი, ასევე ჩატარებულია ბათიმეტრიული, ქარისა და ტალღების და სხვა კვლევები.


გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტის მიხედვით. ამ პროცესში ისევე როგორც სხვა კვლევებზე საერთაშორისო წამყვანი კომპანიები და ექსპერტები გვყავდა ჩართული. ის რომ გვაქვს მშენებლობის ნებართვა, ის რომ გვყავს საერთაშორისო ამერიკული კომპანია ოპერატორად და ანაკლიის პორტის მშენებლობას 20 დეკემბერს ვიწყებთ, ამ სტადიამდე ეს პროექტი არასდროს მისულა.


- ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის ყველა მსხვილ პროექტს ეწინააღმდეგება და დიდი სიფრთხილით უყურებს, როგორ მიიღო ანაკლიამ და ზუგდიდმა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი?


- ვფიქრობ, ანაკლიამ და მთელმა დასავლეთ საქართველომ ძალიან პოზიტიურად მიიღო პროექტი. რა თქმა უნდა ყველა ელოდება ამ პროექტიდან შესაძლებლობებს, ვფიქრობ რომ ეს პროექტი ძალიან დიდ ზეგავლენას არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონზე, არამედ მთლიანად საქართველოზე მოახდენს. პირველ რიგში, აქ მარტო პორტი არ იქნება, აქ იგულისხმება პორტთან ერთად მთელი არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ასევე, როგორც იცით, საქართველოს მთავრობას აქვს სტრატეგია სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაზეც 3,5 მილიარდი არის გამოყოფილი.


რა თქმა უნდა, სამეგრელოს რეგიონისთვის პორტის მშენებლობა უდიდესი შესაძლებლობაა, მით უმეტეს, იცით რომ სახელმწიფოსთან ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულება 52 წლიანია და მუდმივად იქნება მშენებლობა პორტის და ქალაქის მიმართულებით.

 

- ანუ პორტის მშენებლობაზე 15 წლის განმავლობაში ხალხი მუდმივად დასაქმებული იქნება...


- პირველი ფაზის ინვესტიცია დაახლოებით 580 მილიონი დოლარი იქნება. პირველი ფაზის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში დასრულდება. პროექტი სულ 9 ფაზიანია. ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა დაგეგმილი. როგორ მშენებლობის პროცესში ასევე მშენებლობის შემდეგ იქნება უკვე მუდმივი სამუშაო ადგილები იგივე პორტში თუ პორტან დაკავშირებულ მომსახურებებში.

 

- როგორ შეძლებენ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე დასაქმების მსურველები მუშაობის დაწყებას, გვყავს თუ არა კადრები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან იმუშავებს ან როგორ მოხდება მათი მომზადება?


- ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის პროფესიული უნარჩვევების გაუმჯობესება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები უფრო მოტივირებულები იყვნენ, დაეუფლონ ხელობას.


პროექტის ფარგლებში ჩავატარებთ ტრენინგებს, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება ერთი ტრენინგი საკმარისი არ იყოს. ამიტომ, დღეს საქართველოში არის პროფესიული სასწავლებლები, სადაც შესაძლებელია უნარების გაუმჯობესება. მსგავსი პროგრამები აუცილებლად იქნება დანერგილი სამეგრელოში და მეტი ყურადღება დაეთმობა, მაგრამ რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ უახლოესი ტენდენციების პორტის მშენებლობა გვინდა და უახლეს ტექნოლოგიებს კვალიფიციური კადრი სჭირდება. რაც შეეხება ინდუსტრიულ ზონას, აქაც ძალიან ბევრი მწარმოებელი, ლოგისტიკური და მსხვილი გადამზიდავი კომპანიები დაიწყებენ მშენებლობას.

 

- ანაკლიის პორტი მხოლოდ სატვირთო გემებს მიიღებს თუ სამგზავრო გემების მიღებაც იქნება შესაძლებელი?


- თავდაპირველად ეს იქნება ძირითადად სატვირთო, თუმცა მომავალში შესაძლებელია სამგზავრო გემების მიღებაც შეძლოს. მთავარია ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს.


ახლა ვმუშაობთ ქალაქის კონცეფციის შემუშავებაზე. შერჩეული გვყავს საკონსულტაციო კვლევითი კომპანია და მოხდება სივრცითი დაგეგმარება-განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ მშენებლობა. ბოლო წლებში ბიზნესის წარმოების კუთხით რეგიონში საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია, ამ მიმართულებით გამორჩეული ლიდერები ვართ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი გამოწვევა იყო შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, სწორედ ახალი პორტის ინფრასტრუქტურა მოგვცემს საშუალებას, რომ ეს ბარიერიც გადავლახოთ, უფრო გავაქტიურდეთ საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდოთ საერთაშორისო კომპანიები.

 

- ანაკლიის პორტის აშენებით პრობლემები და საფრთხე ხომ არ შეექმნება კოლხეთის ეროვნულ პარკს (2007 წლის 24 ოქტომბრიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში)?


- ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც არის თანამედროვე მოთხოვნებზე გათვალისწინებული. ჩვენმა მთავარმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ძალიან ცალსახად განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქალაქი.


ანაკლია იქნება ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი თბილისიდანაც მოისურვებს საცხოვრებლად გადასვლას, რადგან ანაკლიაში ჩვენ არ გვინდა უბრალოდ ცემენტის ქალაქი ჩავდგათ, პირიქით, გვინდა ისეთი ქალაქი გავაშენოთ, სადაც ცხოვრება შესაძლებელი იქნება უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით, თანამედროვე, მწვანე და ჭკვიან (ანუ სმარტ) პრინციპებზე დამყარებული.

 

- ანაკლია არის სოფელი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, სადაც ძალიან ბევრი კამეჩი, ღორი და სხვადასხვა შინაური ცხოველი ჰყავთ. როგორ მოხდება ამ ყველაფრის ქალაქთან ადაპტირება და რა ბედი ელის ადგილობრივი პროდუქტის წარმოებას?


პირიქით, მემგონი ქალაქი იყიდის მათ წარმოებულ პროდუქტს. არ უნდა იყოს არანაირი შიში, ჯერ ერთი, საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და მის განვითარებას თავისი დრო სჭირდება, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს. რა თქმა უნდა, დაგეგმარებაში აბსოლუტურად ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. პირიქით, რადგან იქაური პროდუქცია გამოირჩევა კონკრეტული ხარისხითაც და თავისებური ბრენდინგით, შეიძლება ეკოგარემო შეიქმნას, რომ ეს არის დამზადებული ანაკლიაში. ჯანსაღი ბალანსი აუცილებლად დაცული იქნება.


სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი, რომ გამოცდილმა საერთაშორისო კომპანიამ სწორედ ამ პრინციპების მიხედვით გაგვიწევს რეკომენდაციას, როგორ უნდა მოხდეს ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი განვითარება, იმ სარგებლის მაქსიმალური გამოყენებით, რაც დღეს ანაკლიას აქვს. ეს ფასეულობები არაფრით არ დაიკარგება, პირიქით ეს იქნება დამატებითი ღირებულება და ეს იქნება ის ღირებულება რითიც ანაკლია იქნება გამორჩეული სხვა ნებისმიერი ქალაქისგან და ამ შემთხვევაში მე ანაკლიას მარტო თბილისს არ ვადარებ, მე ანაკლიას ვადარებ ბევრ საერთაშორისო ქალაქს.


მსოფლიოში ინდუსტრიული ზონები ძალიან ბევრ ადგილას არის შექმნილი. ჩვენ ვცდილობთ კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს რადგან საერთაშორისო კომპანია, რომელიც ინვესტირებას გეგმავს ის სხვადასხვა ქვეყანას განიხილავს და მათზე უკეთესი პირობები უნდა შევთავაზოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება სხვა მასშტაბურ ქალაქებთან მიმართებაში პირადად ვიყავი ჩართული ანაკლიის ტურიზმის ზონის განვითარებაში და მნიშვნელოვანია რომ ეს განვითარება გაგრძელდეს და სრულყოფილი სახე მიიღოს.

 

- ნებისმიერ მსურველს შეეძლება პორტის მშენებლობაზე დასაქმება?


რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. სამსახური იქნება ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურაა იქ ტურიზმი და მომსახურეობის სფეროც ვითარდება. შესაბამისად სხვადასხვა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.


- ანუ თანრიგები აუცილებელი იქნება?


- ყველას ექნება შესაძლებლობა, მინდა აღვნიშნო, მე არ ვამბობ რომ კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მაინცდამიანც სამაგისტრო, მაგრამ შესაბამისი კვალიფიკაცია.


პირდაპირ გეტყვით, ჩვენი ამოცანაა ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ათეულ და ასეულ ჰექტარზე განვითარდეს, რასაც დრო სჭირდება. ეს არ მოხდება ერთ, ორ ან სამ წელიწადში, პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2021 წელს დასრულდება და მიიღებს პირველ გემს.

 

- ან თუ გაქვთ მონაცემები რამდენი კომპანია იმუშავებს და მინიმალური ხელფასი რა იქნება?


- ამ ეტაპზე გვინდა რომ მინიმუმ 10 კომპანია წარმატებულად ფუნქციონირებდეს, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით და რამდენიმე ასეულ კომპანიასაც ვუმიზნებთ, ამას დრო სჭირდება. იმისთვის რომ კომპანიამ მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებაზე დაახლოებით სამი- ხუთი წელი სჭირდება.


მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შევხვდი შვეიცარიულ, ავსტრიულ, უნგრულ და იტალიურ კომპანიებს. ამ კომპანიებს ვხვდებით იმისთვის, რომ დავაინტერესოთ. პირველი 5 წელი იქნება ძალიან რთული. თუმცა შეუძლებელი არაფერია, ჩვენ გვახსოვს რომ საქართველოში ტურისტი სულ რაღაც 300 000 ადამიანი იყო, დღეს უკვე 7 მილიონს აჭარბებს, ანალოგიურად აქაც თავისი დრო და ტემპი დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ შედეგებს.

 

- სულ ახლოს ფოთის და ბათუმის პორტია, მათ რა ბედი ელით?


- როდესაც ქვეყანა დაიმკვიდრებს თავს როგორც სატრანზიტო და რეგიონალური ჰაბი, ეს აბსოლუტურად ყველასთვის სასარგებლო იქნება. შევთანხმდეთ, სადაც ბევრი სასტუმროა იმ რეგიონში უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის, ვიდრე იქ სადაც ერთი სასტუმროა.


მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და საქართველოს როგორც სატრანზიტო დერეფნის ცნობადობის ამაღლებაზე დავიხარჯოთ. რაც შეიძლება მეტი ახალი ტვირთი უნდა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ახალი კომპანია უნდა შემოვიყვანოთ საქართველოში.


ჩვენი ამოცანა არ არის არსებული კომპანიები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადმოვიყვანოთ, ჩვენი ამოცანაა, იმ კომპანიების შემოყვანა საქართველოში რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამო საქართველოს აქამდე არ განიხილავდა. ვფიქრობ, ამით ფოთის პორტსაც გაეზრდება შესაბამისად მოცულობები, რადგან საქართველო თავს დაიმკვიდრებს როგორც სატრანზიტო დერეფანი.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner