ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი საელჩოების იერუსალიმში გადატანას არ აპირებენ.
„მე ვიცი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც, აშშ-ის მსგავსად, საკუთარ საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანენ. მას შეუძლია ასეთი მოლოდინები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეინარჩუნოს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მისი თქმით, ორსაათიანი შეხვედრის დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტად ისრაელსა და პალესტინას შორის მყარი მშვიდობა რჩება.