„ვიმედოვნებთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად იქნება შეფასებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ იუნკერთან. ჩვენ ვიმსჯელეთ ვიზა-ლიბერალიზაციის პერსპექტივებზე საქართველოსთვის. ბატონმა იუნკერმა მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა მოახდინოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია მაისში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრამდე, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს შეეხება.
„ჩვენ ამ პროცესისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.