მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.
საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა. ქართლის ტერიტორიაზე იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი მეხუთე საუკუნეში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.