შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს.
„2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედაშვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში.
ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაპოვნია გარდაცვლილი გურამ კვეზერელის ცხედარი, ამოღებულია გარდაცვლილის სახლიდან გატაცებული პორტატიული კომპიუტერი და მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დამნაშავეების, დანაშაულის ადგილებისა და ცხედრებიდან აღებული დნმის ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის.
აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შსსს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ საქართველოს სსკის 376ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს, მათ ბრალი საქართველოს სსკის 109ე მუხლით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთერთი ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცველებმა მეორე დამნაშავის ადგილსამყოფელიც დაადგინეს, იგი საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს", აღნიშნავენ შსსში.
გურამ კვეზერელისა და მისი დედის, ნატო კვეზერელის სასტიკ მკვლელობას ჟურნალისტი ეკა წივწივაძე ეხმიანება.
ეკა წივწივაძე გურამ კვეზერელის მეგობარი იყო. აი რას წერს ჟურნალსიტი სოციალურ ქსელში:
„დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს. აი ახლა ამ სიტყვებს ვწერ და ვერასდროს გადმოვცემ იმ განცდას რაც ამ სიტყვების გააზრებისას მომდის. მინდა მასზე დავწერო, მასზე მოგიყვეთ... წელიწადზე მეტია დაკარგულია - წელიწადზე მეტი დროა ველოდები რომ ცოცხალი გამოჩნდება. წელიწადზე მეტია ვფიქრობ დედას არ მოკლავდა და თვითონ არ გაიქცეოდათქო. წელიწადზე მეტია შიგადაშიგ ფეისბუქზე ვწერ, როგორ მინდა ცოცხალი იყო და გამოჩნდეთქო. ბოლო პოსტი „დასინულია„ არადა დღე მისი ცხედარი იპოვეს. ძარღვებში სისხლის გაყინვა ზუსტად არ ვიცი რა გრძნობაა - ალბათ უფრო მხატვრული გამოთქმაა, და თუ მხოლოდ მხატვრულად არ ამბობენ მაშინ სწორად ასე იყინება სისხლი, როგორც მე დამემართა ამ ინფორმაციის გაგებაზე. ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს, კოჯორში, კასრში, ცელეფონაში გახველი, ზემოდან მჟავა მოსხმული არადა ის სულ რაღაც 27 წლის იყო, ძალიან ჭკვიანი, მიზანდასახული და სხვა რომ არაფერი ის ჩემი მეგობარი იყო.
ერთმანეთი ახალგაზრდულ პარლამენტში გავიცანით, არადა ორივე დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და ერთმანეთს სამარშუტო ტაქსში ხშირად ვხვდებოდით. ის უკვე წინა მოწვევის დელეგატი იყო, მე დამწყები ,,პოლიტიკოსი" სულ მეხმარებოდა, სულ ხელს მიწყობდა რაღაც პროექტი გამომსვლოდა, მერე მელოდებოდა და თბილისის ზღვაზე ხან ფეხით, ხან შემთხვევით გაჩერებული მანქანით, თუ გაგვიმართლებდა ,,მარშუტკით" ავდიოდით სამ კილომეტრს. გზაში მილიონ გეგმას ვაწყობდით მომავალზე. მე სულ ჟურნალისტობა მინდოდა, მას ტურიზმის სფეროში ძალების მოსინჯვა. სახლში მისულები მერე ტელეფონზე ვაგრძელებდით საუბარს, სანამ ნატო დეიდა არ ჩაგვერთვებოდა. ისე ნატო დეიდას უფრო ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე ტელეფონზე, სადღაც ახლაც მესმის მისი ხმა. ყველა მისი სატელეფონო ზარი გუროთი იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. როგორც მთლიანად მისი ცხოვრება.
ერთი წლის წინ ნატო დეიდა საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული იპოვეს. გურამი მას შემდეგ დაკარგულია. სამართლებრივად პირველი ეჭვმიტანილი შვილი იყო, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ერთხელაც არ მიფიქრია რომ დედას მოკლავდა. ისინი სხვანაირი დედა-შვილი იყვნენ, განსხვავებული დედა-შვილობა ჰქონდათ. ალბათ კარგია რომ ახლა ნატო დეიდა მკვდარია და კოჯორში, კასრში ნაპოვნ ბიჭზე ცხედარზე, გვამზე, თუ რა უნდა ვთქვა რომ არ ვიცი, ამბავს არ იგებს.
ჩემი მეგობარის ცხედარი იპოვეს არადა ერთი წელია ველოდები რომ გამოჩნდებოდა, ახლა ვფიქრობ ვინ უნდა დაკრძალოს? ვერც მის საფლავზე მივალ, ალბათ არც სურათიანი ძეგლი ექნება...
თუმცა უკვე მთელი საათია ჩემმა ტვინმა თუ გულმა ,,იქნებ" მექანიზმი აამოქმედა. იქნებ ეს ცხედარი ჩემი მეგობრის არ არის, იქნებ ისევ ცოცხალია, იქნებ ქუჩაში სადღაც ისევ შემხვდეს, იქნებ, იქნებ, ჯანდაბას იქნებ..."