logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: თუ ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, ჩვენს შთამომავლობას მაინც გავუფრთხილდეთ!
- +

13 დეკემბერი. 2017. 18:52


 

„მიწას ვარჩიე ცა ულიმიტო,

უკან ვიბრუნებ ბილეთსაც გემის

და თუ ვკამათობ,

მხოლოდ იმიტომ, სამშობლოდ იქცეს ქვეყანა ჩემი", - წერს ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ლექსში პოეტი დათო მაღრაძე, რომლის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ახლახან მოიპოვა, როდესაც ქართველ პოეტს სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემია გადაეცა ნომინაციაში „ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის". დაჯილდოების ცერემონია 17 დეკემბერს რომში, გარიბალდის მოედანზე გაიმართება. ვიდრე პოეტი იტალიაში გაემგზავრება, ჩვენ შევხვდით მას და შემოქმედის გზასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ავკარგიან ყოფაზეც ვესაუბრეთ...


- უპირველესად, გილოცავთ აღიარებას. საინტერესოა, ამ აღიარებისა და წარმატების შემდეგ, ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ საკუთარ შემოქმედებით გზას?


- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ასევე მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, ვინც ეს წიგნი წარადგინა ამ პრემიაზე და ჟიურის, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ჩემთვის დიდი პატივია.


ჩვენში ხშირად ხდება ხოლმე, რომ სურთ, კაცობრიობის გასაგონად თქვან რაიმე, ეს იმ დროს, როდესაც კარის მეზობელსაც ვერ აგონებენ. არადა, შეიძლება კარის მეზობელს მისწერო გულწრფელი ლექსი ან წერილი და ამან მთელი სამყაროს ინტერესი გამოიწვიოს. ასეთია განგება, ჩვენი წუთისოფელი და სახელოვნებო სამყაროს ხვედრი. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობა ჩემთვის უძვირფასესი რამაა, მაინც მგონია, რომ პოეტის გზა მარტო კაცის გასავლელი გზაა. როდესაც ჯერ სათქმელს ვერ აგნებენ, მერე მკითხველსაც ვერ აგნებენ და საბოლოოდ ერთმანეთს პოულობენ ხოლმე და ასე იქმნება ლიტერატურული ერთობები - ერთმანეთს ეტმასნებიან, რათა უფრო ძლიერები გამოჩნდნენ, სინამდვილეში კი ყველაფერი იმიტომ ხდება, საკუთარი უსუსური ყოფა გაიადვილონ... მე ჩემი გზით მივდივარ.


ამ გზაზე არასდროს მიცდია მლიქვნელობა ქართველი მკითხველის წინაშე, არ ვყოფილვარ ფარისეველი, არ მიცდია, გამეღვივებინა მათი პატივმოყვარეობა, რომელიც ასე იზიდავს ჩვენი საზოგადოების ნაწილს. მეტიც - ჩემთვის მიუღებელიც კი იყო, რომ სადღაც შეზარხოშებულ ქართველს სუფრაზე გამოდგომოდა ჩემი ლექსი. ეს ბრაგაბრუგი და პათეტიკა არასდროს მიზიდავდა.


არც თანამედროვეობის კონიუნქტურასა და პოლიტკორექტულობაზე მორგება მიცდია. არც მოდურ ტენდენციებს ავყოლივარ, რადგან ვფიქრობ, რომ მოდა მაინც დროებითია, ხელოვნება და პოეზია კი ზედროითია... რა გამომივა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის ზედროითისკენ ვიხრებოდი, ყოველთვის ვცდილობდი, გულწრფელი ვყოფილიყავი მკითხველის წინაშე.


ჩემთვის მიუღებელი იყო და არის დღესაც უსამშობლოობის განცდით შეპყრობილი ფარისევლობა. მე მაქვს სამშობლო და მიხარია, რომ მაქვს სამშობლო, რომელთანაც ხანდახან ვკამათობ კიდეც, რადგან როცა გიყვარს, სწორედ მაშინ ვერ ეგუები მის ნაკლს...

 

- ჩვენ გვახსოვს დათო მაღრაძე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შუაგულში. ერთხელ მითხარით, შეიძლება პასტერნაკივით მეც მინდოდა მეკითხა, ეზოში რომელი ათასწლეული იყო, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა არ დამანება ესო...


- როცა ეს ვთქვი, შეიძლება მომეჩვენა, სინამდვილეში ყოველთვის მაინტერესებდა, ფანჯრის იქით რა ხდებოდა... მე არ მიცდია, გარინდებულს, კარჩაკეტილი ცხოვრებით მეცხოვრა. შეიძლება მართლაც არ მაცალა ჩვენმა ქარტეხილებმა ასეთი ცხოვრების არჩევა. ისეთი იყო ეს ქარტეხილები, ვფიქრობ, უზნეობაც იქნებოდა, რომ არ შემხებოდა...


არც ის მგონია გულწრფელი პოზიცია, როცა ცდილობენ, სიმხდალე, სულმოკლეობა, ხელისუფლების მიმართ ანგარებიანი დამოკიდებულება შენიღბონ ხელოვანის ხვედრით და იმის ლაპარაკით, რომ ხელოვანს ხელოვნების მეტი არაფერი უნდა აინტერესებდეს (ეს კაფკას არ ეხება, რა თქმა უნდა)... ხელოვნება ჩემთვის ნასაზრდოებია გულისხმიერებისა და თანაგრძნობის ნიადაგიდან.


თუ არავინ გადარდებს, ყველა ტკივილი და სიხარული თუ უცხოა შენთვის, მაშ, შენი ხელოვნება საიდან უნდა აღმოცენდეს, რომელი ფიქრიდან და განცდიდან? ამ გზაზე ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ განცდა მაქვს, რომ გულწრფელი ვიყავი შეცდომაშიც და სწორ არჩევანშიც.


რაც შეეხება ჩვენს დროს, შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის ეს 26 წელი იყო სრული ისტერიის ხანა, სადაც ისტერიკოსებმა ისტორიკოსებს ადგილი არ დაუტოვეს... ზოგიერთები დღესაც აგრძელებენ ამ ტონალობაში არა მხოლოდ თვითონ ცხოვრებას, არამედ ცდილობენ, ჩვენც გადმოგვდონ. არადა, ქვეყანა ცდილობს, ნელ-ნელა დააღწიოს თავი ამ ისტერიკულ ყოფას. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი შეცდომისა და არასწორი პოზიციისა, ერთი რამ გასწორდა - ქვეყანამ საბანისძის შედევრალური ფორმულით: „ჩვეულებისაებრ მამულისა სვლაი" დაიწყო...

 

- ჩვენ ხშირად გვისაუბრია წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის მძიმე შედეგებზე, თუმცა ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ რადგან ის დანაშაულებრივი სისტემა სათანადოდ არ გასამართლდა, არსებობს საფრთხე, რომ მან სახე და ფორმა იცვალოს და აღდგეს...


- მეც მაქვს უკმარისობის განცდა. ის, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხდა, არ იყო ადეკვატური პასუხი იმ სისასტიკეზე, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს...


ისე კი, გეთანხმებით, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ყოფილი კრიმინალების თავშესაფრად... მოკლედ, ეს იქცა ისეთ ფარდად, რაც უნდა კრიმინალური წარსული გქონდეს, თუ იქ შეასწარი, ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები. პრობლემაა, რომ ხშირად ვერ ხერხდება დამნაშავეებისთვის დანაშაულის დამტკიცება, რაც დიდწილად არაკვალიფიციურობის ბრალი მგონია, და ამ არაკვალიფიციურობით სავსეა ჩვენი დღევანდელობა... ასევე გრძელდება რიტუალური გარყვნილებაც, მე, მაგალითად, უზნეობა მგონია გაღატაკებულ ქვეყანაში უცხოელი მუსიკოსების ჩამოსაყვანად დახარჯული მილიონები...


კიდევ ერთი, რითაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამახსენა „ნაციონალური მოძრაობა", საყდრისის აფეთქებისას დავინახე ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების აფიშირებული უპატივცემულობა, რამაც მომაგონა ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას, მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის აფეთქება. ეს ორი ფაქტი ემოციურად დაუკავშირდა ერთმანეთს.


- ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინიდან შესაძლო დეპორტაციაზე, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამან ქვეყანას და ხელისუფლებას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას...

 

- შემირცხვენია ის საქართველო, სადაც სააკაშვილის შეეშინდებათ - პატიმრობაში თუ კარიერის ზენიტში...


- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამ ხელისუფლებას ერთ-ერთ დამსახურებად მიუთვალეთ ისიც, რომ მაშინ, როცა ჩვენ გარშემო ცეცხლია, ჩვენთან მშვიდობის შენარჩუნება ხერხდებაო... როგორ ფიქრობთ, იმ სპეცოპერაციამ, რომელიც ლამის 20 საათი გაგრძელდა და ტერორისტთა ლიკვიდაციით დასრულდა, ხომ არ გამოაჩინა ის არაერთი საფრთხე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას?


- ისე წარიმართა ეს სპეცოპერაცია, დღემდე საზოგადოება მხოლოდ ვარაუდობს და მკაფიო პასუხები არ არსებობს. როდესაც პირდაპირ ეთერში გვეუბნებოდნენ, რომ ახალ-ახალი შენაერთები და სპეცტექნიკა ერთვებოდა, ერთი ხანობა ვიფიქრე, რომ NATO-ს ჯარები შეიძლება გახდეს საჭირო ეჭვმიტანილთა გასანეიტრალებლად-მეთქი... თან ამბობენ, ვუთვალთვალებდითო. თუ უთვალთვალებდნენ, ამას შედეგი ხომ უნდა მოჰყოლოდა? ვის უთვალთვალებდნენ, ეს მაინც უნდა სცოდნოდათ...

 

- ტრაგედია დატრიალდა თბილისის ცენტრში, სადაც მოსწავლეთა შორის ჩხუბს ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა... როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება აიხსნას ახალგაზრდების ასეთი სისასტიკე?


- შეძრული ვარ მომხდარით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს. ვფიქრობ, ეს საშინელება არის ანარეკლი იმ აგრესიისა, რაც ჩვენს ოჯახებში, მთელ საზოგადოებაში არსებობს. ამას ვუყურებთ პირად ურთიერთობებში, საჯარო სივრცეში, ვირტუალურ რეალობაში... არ ვიცი, რას ვერჩით ამ ჩვენს შთამომავლობას, ესენი ხომ გვიყურებენ, გვბაძავენ... ეს აგრესიული და ნეგატივით დატვირთული გარემო ზემოქმედებს, მით უფრო მოზარდის ფსიქიკაზე. როგორც სიკეთის ენერგია არ ქრება უკვალოდ და თავისი დადებითი შედეგები მოაქვს, ასევე არსად იკარგება ძალადობისა და აგრესიის უარყოფითი ენერგია. თუ ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, იმდენი მაინც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს შთამომავლობას გავუფრთხილდეთ. ამ ვითარებაში თითოეულმა ადამიანმა საკუთარ სამყაროში უნდა ეძებოს მიზეზი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს პათოლოგიაც, მაგრამ ეს მასშტაბურ და ყოველდღიურ ტრაგედიებად რომ არ გვექცეს, აგრესიამ უნდა იკლოს საზოგადოებაში, რათა მომავალი თაობა უყურებდეს ჩვენს მშვიდ სახეებს და არა გააფთრებულ ადამიანებს.


-  ჩვენს საზოგადოებაში ბოლო დროს თვალში საცემია საოცარი აგრესია, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა სოციალურ ქსელში...


- ჩემი თვალსაწიერიდან ასე ჩანს, რომ ჩვენში უკულტურობა ებრძვის კულტურას. სწორედ უკულტურობაა აგრესიული. სხვადასხვა ეპოქაში ეს სხვადასხვა ფორმით ხდებოდა. ეს ახალი ამბავი არ არის, ასეთია ჩვენი ისტორია...


ბევრი რამ დაუბარებიათ ჩემთვის. ამასწინათაც „ფეისბუქზე" გავრცელდა ლექსი „ჩემო გენერალო", რომელიც ეძღვნება ჯაბა იოსელიანს და რომლის ავტორიც არის შესანიშნავი ქართველი პოეტი ბაადურ ბალარჯიშვილი. ბრწყინვალე ლექსია, მაგრამ ჩემი არ არის, საზოგადოების ნაწილს კი ძალიან უნდა, ჩემი იყოს და წერს და წერს ამაზე. იმდენი წერეს „ფეისბუქში", რომ ბოლოს კალენდარშიც გაჩნდა, როგორც ჩემი ლექსი. საზოგადოების ერთ ნაწილს, შესაძლოა, მცირერიცხოვანს, მაგრამ ძალზე ენერგიულს, უნდა, რომ ასე იყოს, რომ მე ლექსებს ვუძღვნიდე ჯაბას, ვმონაწილეობდე სამოქალაქო ომში და ა.შ.


მეგობრებისთვის დამიწერია ლექსები, მაგრამ ძლიერთა ამა ქვეყნისათა არ ვუძღვნიდი ლექსებს. არც სამოქალაქო ომში მიმიღია მონაწილეობა.


ჯაბა იოსელიანი როდის გავიცანი, იცით? სამოქალაქო ომი დამთავრებული იყო, კულტურის მინისტრად ჩემი დანიშვნა რომ გადაწყდა, მაშინ გავიცანი. არც შევარდნაძეს ვიცნობდი. მახსოვს, ელდარ შენგელაიამ წამიყვანა და გამაცნო.


მაგრამ ამ ხალხს არაფრით უნდა ამის გაგება. ზოგი იქამდე მივიდა თავისი გათახსირებულობით, ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ომში მნახა! ერთი, პირჯვარი გადაიწეროს და ისე თქვას, სად მნახა... ცილისწამება დიდი ცოდვაა.


აფხაზეთში ვიყავი - კი ბატონო! ლეგიონები არ დამიფრენია და არც გმირობები ჩამიდენია, მაგრამ ჩასვლით ჩავსულვარ... ამის კადრები არსებობს...


როცა შევარდნაძე „მხედრიონის" წევრებს, ყველას, განურჩევლად ყრიდა ციხეში, არ კითხულობდა, ვინ იყო დამნაშავე და ვინ  - არა, მაშინ ვთქვი, რომ თუ მარტო იმიტომ უნდა დასაჯოს ადამიანი, რომ მხედრიონელია, მაშინ მეც ვარ „მხედრიონის" წევრი-მეთქი. კონტექსტს ხომ გააჩნია, როდის რას იტყვი.


ისე, 800 კაცი მოუკვდა აფხაზეთში „მხედრიონს" - არც ერთ შენაერთს არ გაუღია ამხელა მსხვერპლი. ჯაბა იოსელიანი დღემდე არაჩვეულებრივად საინტერესო მწერლად მიმაჩნია. მეც ვიყავი ერთ-ერთი ხელმომწერი იმათგან, ვინც პატიმარი ჯაბა იოსელიანი სახელმწიფო პრემიაზე წარადგინა. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ შევარდნაძის ეპოქაში პატიმრის წიგნი წარმედგინა... დიდ პატივს ვცემ მის ვაჟკაცობას. მე აფხაზეთში ვნახე ჯაბა იოსელიანი და ერთი-ორმა დაიტრაბახოს ის უშიშრობა და სიმამაცე, რაც ამ კაცში მინახავს.


დასასრულ ერთსაც ვიტყვი: როცა კულტურას უპირისპირდება უკულტურობის აგრესია, კულტურას აქვს აღდგომის ენერგია... რომის იმპერიამ ჯვარს აცვა იესო, მაგრამ ის მესამე დღეს აღდგა... ასეა კულტურაც - უკულტურობა ჯვარს აცვამს კულტურას, მაგრამ მას აქვს აღდგომის ენერგია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.



ნათია დოლიძე

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner