14 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ასოციაცია „საქართველო-კულტურათა დიალოგი - XXI"-ის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროში სახალხო მხატვრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის - გიორგი შხვაცაბაიას ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. პრეზენტაციას წიგნის ავტორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გიორგი შხვაცაბაიას ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი - ალბომი, მხატვრის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. მასში შესულია მხატვრის ბიოგრაფიული მონაცემები, საარქივო ფოტომასალა და ასევე, გიორგი შხვაცაბაის მრავალმხრივი შემოქმედება - ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა, მონუმენტური მხატვრობა და სხვ.
პროექტის ავტორი - ინგა ქარაია; რედაქტორ-შემდგენელი - ზაზა აბზიანიძე; ტექსტის ავტორი - ირინე აბესაძე; თარგმანი - ნინო გაბუნია; კურატორი - ქეთი გაგნიძე; დიზაინი -გიორგი წერეთელი; ფოტო - იოსებ ზურაბიშვილი, იური მეჩითოვი; დაკაბადონება -ირაკლი ბელთაძე.
გიორგი შხვაცაბაია - საქართველოს დამსახურებული სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთსა და უზბეკეთში.