ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუმისთის ხიდზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუხსნეს. მანქანაში მყოფი ორი პირი - პავლე არძინბა და დიმიტრი ხაგბა გარდაიცვალა.
პავლე არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი - თენგიზ ფანდარაია და რემზიკ ცუგბა გარდაიცვალნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ მიმდინარე წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პავლე არძინბა დაკავებულია.