„თბილისის ინტერპოლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „სარფის" თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 224-ე, 239-ე, 240-ე, 263-ე, 267-ე, 52-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც იძულებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.