„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს იგი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საკუთრებაში გადასცემდნენ დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ბრალდებულები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის რიგგარეშე მიღებაში.
აღნიშნული თაღლითური გზით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ საერთო ჯამში 14 100 აშშ დოლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.