logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი წარსულია სულხან-საბა, დავით აღმაშენებელი, ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე...
- +

21 თებერვალი. 2016. 21:15


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება  თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.


ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გახსნეს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ლევილის „ქართული კერის" მმართველი ირენ ციციშვილი.


გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:


95 წლის წინ, ჩვენი წინაპრები აქ, ამ დარბაზში, სახელმწიფოს მმართველობის, ერისა და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპს ქმნიდნენ და ადგენდნენ. ეს არის დაწერილი პრინციპი - კონსტიტუციამაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები საქართველოს კონსტიტუციას ადგენდნენ, რომელზეც ბატონი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოგვახსენებდა, ერთერთს ყველაზე პროგრესულს და ევროპულს მაშინ - კონსტიტუციას, რომლის შინაარსში პრინციპული და დომინანტურია ადამიანის უფლებები, არის ხელისუფლების დაყოფა, არის უმცირესობების უფლებები, როდესაც ისინი ამ კონსტიტუციას წერდნენ აქვე, გვერდით, შულავერში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ და ემზადებოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო დაენგრიათ და გაენადგურებინათ. მაშინ მოტივაცია ძალიან ნათელი იყო - საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური, ძალიან სპეციფიკური კულტურით, თავისი ღრმა ისტორიული წარსულით, რომ უნდა გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრიიყო სხვა ტენდენცია, რომ ეს ყველაფერი გადახარშულიყო ერთიან, დიდ პროლეტარიატის ცეცხლში და დაგვეკარგა ჩვენი იდენტობა, ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი სახელწიფოებრიობა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით.

რა თქმა უნდა, როდესაც ხელახლა ქართული სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი  და, როდესაც 1995 წელს ჩვენ ხელახლა მივიღეთ კონსტიტუცია, ჩვენ ამ მოტივაციით, ჩვენი წარსულისა და ტრადიციის გაგრძელებით, მივიღეთ ახალი უზენაესი კანონი, რადგან ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ჩვენი წარსული.

 

ჩვენი წარსულია საქართველოს დამოუკიდებლობა და ის მომენტი, როცა ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპული კულტურის სახელმწიფო ვართ. ჩვენი წარსულია სულხან-საბა, ჩვენი წარსულია დავით აღმაშენებელი, ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე. მოვუწოდებ ყველას, რომ ძალიან ფართოდ გაახილონ თვალები და თვალი ამ წარსულს გაუსწორონ. მზერა გაუსწორონ წარსულს, რომელიც ნათლად არის ორიენტირებული ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე და თუკი საუბარია ქართული ტრადიციებისა და ქართველობის დაცვაზე, სწორედ აქ დაიცვან საქართველო - დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც 1921 წლის კონსტიტუცია, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც ილია ჭავჭავაძის სწრაფვა ევროპისაკენ, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც სულხან საბას დიპლომატია, თუ ვინმეს სურს საქართველოს დაცვა.

დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ვზეიმობთ ჩვენს წარსულს, ასევე ვზეიმობთ ჩვენს მომავალს, რომლის ერთი იოტითაც შეცვლა შეუძლებელია და, რომელიც ძალიან ნათლად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, უმცირესობების უფლებებზე, საკონსტიტუციო პროცესზე, ხელისუფლების დანაწილებაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner