Rider - რაიდერი იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომელსაც მსახიობი ან მუსიკოსი ორგანიზატორებს უყენებს. მათი შესრულება კი, როგორც წესი, სავალდებულოა და ძირითადი კონტრაქტის პირობებით არის გათვალისწინებული.
რა მოთხოვნები ექნებათ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს საქართველოში? მართალია, აქ ასეთ დეტალებს ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ, მაგრამ „პოლიტკომერსანტმა" სხვა ქვეყნების მაგალითებს გადახედა და როგორც მოსალოდნელი იყო, ვარსკვლავებს შთამბეჭდავი მოთხოვნები აქვთ. ამჯერად რობი უილიამსის რაიდერს წარმოგიდგენთ.
2015 წელს ევროპული ტურნეს „Let Me Entertain You" ფარგლებში, უილიამსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ჩავიდა. სწორედ ამ ტურნეს დროს გასაჯაროვდა მისი რაიდერის ნაწილი, რომელიც საკმაოდ შოკისმომგვრელ რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ეს ჩამონათვალი ცნობილმა გამოცემებმა საკონცერტო სააგენტოს ოფიცილური ინფორმაციის საფუძველზე გამოაქვეყნა და მიუხედავად მოთხოვნების ექსცენტრულობისა, არაორდინალური რობისგან ასეთი მოთხოვნები გასაკვირი საერთოდაც არ არის.
როგორც ირკვევა ბრიტანელი მუსიკოსი საკონცერტო ტურნეში 120 კაციანი დელეგაციით მოგზაურობს. მას არ უყვარს ტურში ახლობელი ადამიანების გარეშე წასვლა და ამიტომაც, როგორც წესი სხვადასხვა ქვეყანაში მას თან დაhყვება მამაც. პიტერ უილიამსი მასთან ერთად სცენაზე გადის და ბექ-ვოკალისტებს შორის გამოდის. აქვე დავაზუსტებთ, რომ ჩამონათვალში მამისთვის ცალკე საგრიმიოროც არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, რობის ყოველთვის დაჰყვება 8 მენეჯერი, ასევე სტილისტი, მასაჟისტი და პირადი დაცვის 6 წევრი.
ახლა კი, რაიდერის კონკრეტულ პუნქტებზე გადავიდეთ - რობი უილიამსისთვის აუცილებელია 3 პირადი საგრიმიორო, 6 ოთახი პერსონალისთვის და 5 ოფისი. ყველა საგრიმიოროში უნდა იყო ორ-ორი სარკე, ერთი მაგიდის და ერთი კედლის. ასევე მოთხოვნებში მითითებულია 280 პირსახოცი, 6 ცეცხლმაქრი და 4 ბრიტანული გაზეთი. საკმაოდ უცნაურად გამოიყურება მუსიკოსის შემდეგი პირობებიც - მის განკარგულებაში უნდა იყოს 30 დივანი და 50 კილოგრამი ყინული. თან, როგორც ჟურნალი „Hello" წერს ამ 50 კილოგრამიდან 20 კგ. ყინული ღამით უნდა იყოს დამზადებული, დანარჩენი 30 კი - შუადღეს. გამოცემის ინფორმაციით, რაიდერში დივნებისა და ამ რაოდენობა ყინულის გამოყენების მიზანი მინიშნებული არ არის.
რაც შეეხება გასტრონომიულ მოთხოვნებს, ცნობილია, რომ ცნობილი მუსიკოსისა და მისი თანმხლები პირების კვებაზე 6 შეფმზარეული ზრუნავს, რომლებიც გასტროლებზე მუდმივად დაყვებიან. ამის მიუხედავად, ორგანიზატორებს სთხოვს დაახვედრონ 16 ლიტრი რძე, 24 ფუნთუშა, კილოგრამი „ბეკონი", სოკო, ხახვი და პომიდორი, ასევე 48 კვერცხი.
ამ მოთხოვნებს თუ გავითვალისწინებთ, ამგვარი რაიდერის შესასრულებლად, კონცერტის ორგანიზატორებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ. მსმენელი კი, 27 მაისს, დაელოდება, სწორედ ამ დღეს, 5 საათზე „დინამო არენაზე" მოწყობილ სცენაზე რობი უილიამსი გამოვა. მანამდე კი, „Check in Georgia"-ს ფარგლებში, 24 აპრილს ეროს რამაზოტის კონცერტია დაგეგმილი, შემდეგ უკვე, 7 ივნისს „ MAROON 5" ეწვევა.
პ.ს. მართალია პასუხი წინასწარ დაახლოებით ვიცოდით, მაგრამ უილიამსის თბილისური რაიდერის დეტალების გასარკვევად ქართველ ორგანიზატორებს მაინც მივმართეთ. აი რა განაცხადეს კულტურის სამინისტროში - „ამ ღონისძიებების ორგანზატორი არის კულტურის განვითრების ფონდი,რომელიც არის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპი. საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს ეს ფონდი. ზოგადად კონტრაქტის პირობები კონფიდენციალურია, დამატებითი მოთხოვნები რაც იქ წერია ასვე ჰონორარი ეს არის გასაიდუმლოებული".
წყარო: politcommersant.ge