გაზეთი „პრაიმტაიმი" აფრასიძეების საქმის შესახებ წერს.
„პრაიმტაიმისთის" ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ბოლოსკენ მიდის და მალე დასრულდება, ბარამიძეზე კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს და მას სავარუდოდ დააპატიმრებენ.
„ერთ-ერთი ინფორმაციით, მას საარჩევნო სიაში ბოლოში მიუჩენენ ადგილს და შესაძლოა, პარლამენტში ვერც მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ბარამიძემ საქართველო დატოვოს და ოდესაში გადაინაცვლოს. თუმცა, თავად აცხადებს, რომ გამოძიებას არ გაურბის და რომ აფრასიძეების საკითხში ის სუფთაა.
აფრასიძეების საქმის გამოძიების და კონკრეტული პირების დასჯის მოლოდინი ბოლო წლებია, სხვადასხვა მოვლენებს ებმება. განსაკუთრებით მაშინ დადგა ეს დღის წესრიგში, როდესაც პროკურატურამ კორტების საქმე გახსნა და მაღალჩინოსანი პოლიციელები პასუხისგებაში მისცა...
ბარამიძის საკითხი მაშინაც დადგა დღის წესრიგში, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო აფრასიძეების გახმაურებული საქმის განხილვას შეუდგა და საქმის ირგვლივ დამაზუსტებელი შეკითხვები დასვა. ეს კითხვები თბილისშიც გამოგზავნეს. ინტენსიური გამოძიება მთავარმა პროკურატურამ მაშინაც განაახლა: სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ქაჯაიაც დაკითხეს. „ნაციონალურ მოძრაობაში" მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ ქაჯაიას, სხვა სპეცრაზმელების მსგავსად, პროკურატურა გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სთხოვდა ჩვენების მიცემას, რომ მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდათ ბრძანებას აფრასიძეების ლიკვიდაციაზე...
მართალია, ბარამიძე მაშინაც და ახლაც აცხადებს, მოვიდნენ და დამკითხონო, მაგრამ პროკურატურისთვის მის იმუნიტეტთან გამკლავება, როგორც ჩანს, რთული პროცედურა აღმოჩნდა და არც იმედი ჰქონდათ, რომ პარლამენტს ამაზე დაითანხმებდნენ. ამასობაში კი გაბედული განცხადებების მიღმა არც ბარამიძეს გაუბედავს, თავად მისულიყო პროკურატურაში და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა მისი მისამართით არსებული ეჭვებისთვის..."