„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთობას მივესალმები, თუ ეს გაერთიანება კონსტრუქციული დიალოგისკენ იქნება მიმართული, მაგრამ თუ ეს გამოყენებული იქნება დესტაბილიზაციისთვის და იმის დასაანონსებლად, რომ ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობენ, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია" - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად რეალობას აცდენილია.
"ჩვენ გარედან მართვას მივეჩვიეთ და დროა, არჩევნებთან და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის ადგილზე მიღწევას მივეჩვიოთ და არჩევნები ისე ჩავატაროთ, რომ კითხვის ნიშნები არა სადმე სხვაგან, არამედ მოსახლეობაში არ დარჩეს", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდის შეცვლას არ გეგმავს, მომავალ პარლამენტში მისი ყოფნა საჭიროა და არჩევნებზე მთელი პოლიტიკური გამა უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ამომრჩევლებმა მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალები აირჩიონ.
"ორი არჩევანი გვაქვს: არჩევნებზე მთელი პოლიტიკური გამა უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ამომრჩევლებმა მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალები აირჩიონ, ან, გავაგრძელოთ მართვის ის სტილი, როცა ერთ კაცს ირჩევდნენ და მერე, ის ერთი კაცი ხალხის მიერ მიცემულ ძალაუფლებას ყველას უნაწილებდა. ზოგ შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური ძალების ლობირება, გარედანაც ხდებოდა. როცა ბიძინა ივანიშვილი ფლობდა მართვის სადავეებს, ეს ფორმა, ასე თუ ისე, მისაღები იყო, მაგრამ როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში გაურკვეველი თანაფარდობით დარჩნენ. ამ ძალებს ამომრჩევლის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდათ, რადგან ვინც ისინი მოიყვანა, უკვე გვერდზე იყო გასული და გამოდის, რომ თუ მათ ვინმემ გარედან გაუწია რეკომენდაცია, იმათი დავალება უნდა შეესრულებინათ" - განაცხადა მეჭიაურმა.