აფრასიძეების საქმე დღემდე არ არის დახურული. „პრაიმტაიმისთის" ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ბოლოსკენ მიდის და მალე დასრულდება, ბარამიძეზე კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს და მას სავარუდოდ დააპატიმრებენ.
„პრაიმტაიმი" აფრასიძეების ოჯახის წვერების შესახებ წერს:
„ოჯახს კი კვლავაც აქვს პრეტენზიები, რომ 2004 წელს, როცა სამინისტროს კარგად შეიარაღებული „სპეცნაზი" ჩავიდა ეწერში ე.წ. გამწმენდი ოპერაციისთვის, მათ ჰქონდათ კონკრეტული მიზანი - მოეხდინათ ოჯახის ლიკვიდაცია. არსებობს ძალიან ბევრი თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ გოჩა და ომეხ აფრასიძეები ხელბორკილდადებული გამოიყვანეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, მანამდე მათი დაჭრილი მამა გამოვიდა ხელებაწეული და სამართალდამცველებს მიმართა, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და სროლა შეეწყვიტათ. ამ დროს ხელებაწეული ევგენი აფრასიძე დაჭრეს, შვილებმა შეათრიეს სახლში, სადაც სპეცრაზმი შევარდა და იქიდან გამოიყვანეს. ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე ავტომატის ჯერით მოკლეს. რაც შეეხება მის ძმას, გოჩა აფრასიძეს, მას ახლო მანძილიდან „შტიკნოჟით" ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. როგორც მეზობლები და ოჯახის წევრები ამბობენ, მათ არ მისცეს საშუალება, ცეცხლწაკიდებული სახლიდან ევგენი აფრასიძე გამოეყვანათ, რომელიც ჯერაც ცოცხალი იყო და პრაქტიკულად ცოცხლად დაწვეს. შმაგი აფრასიძის მეუღლეს ეგონა, რომ მისი შვილიც იწვებოდა ამ ცეცხლში, უბრალოდ, მან არ იცოდა, რომ გოჩა აფრასიძემ ის ფანჯრიდან გადააგდო და ასე გადარჩა ეს ბავშვი. როდესაც ბავშვი მეზობლის ჭიშკრისკენ გარბოდა, მის მიმართაც მიზანმიმართული ცეცხლი იქნა გახსნილი და მას მარჯვენა ფეხზე ჰქონდა დაზიანება. შმაგი აფრასიძის მეუღლე, ქალბატონი ინდირა იმის გამო, რომ ეგონა, ბავშვიც დაიწვა, ფსიქიკურად შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუწია რეაბილიტაციის გავლა.
რაც შეეხება აფრასიძეების საკუთრებას - სახლი მთლიანად დაიწვა და გაიძარცვა. ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, ომეხ აფრასიძეს ყელიდან ჩამოჰგლიჯეს ოქროს ჯაჭვი, ბეჭედი რომ ვერ მოხსნეს, თითი მთლიანად მოაჭრეს. მოგვიანებით თბილისში, ერთ-ერთ ძმას, შმაგი აფრასიძეს ესაუბრა პიროვნება, რომელმაც ჯიბიდან ამოიღო და აჩვენა მისი ძმის ბეჭედი და ჯაჭვი. შმაგი აფრასიძემ იცის სახელი და გვარი ამ პიროვნების, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამას ადვოკატები ვერ ამბობენ."