logo_geo
eng_logo
„გითხარით, ძაღლი მოკვდა!“ - ბოლქვაძის ქუჩის მოსახლეობა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს გულგრილობაში ადანაშაულებს
- +

17 დეკემბერი. 2017. 00:45



ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და ადამიანური თუ მორალური უპასუხისმგებლობა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.


საერთოდ, ცხოველის მიმართ სისასტიკე საკმაოდ ფართო და კომპლექსური თემაა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ცხოველის მიმართ ნებისმიერი ძალადობა, მკვლელობა და სისასტიკე პოტენციურად წარმოქმნის ძალადობისკენ მიდრეკილ ადამიანს, რაც საზოგადოებისთვის საშიშ ტენდენციებს შეიცავს, თუმცა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.


ამასთან, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართულ სკოლებში ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობის გაკვეთილები არ ტარდება და ეს მაშინ, როცა მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტური სწორედ ეს მეთოდია.


ცხოველთა უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო კონტროლი უნდა გამკაცრდეს.


ამბავი, რომელიც თბილისში, ბოლქვაძის ქუჩაზე მოხდა, საზოგადოების მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობის ნათელი მაგალითია.


როგორც „ნიუპოსტს" ადგილობრივები უყვებიან, ბოლქვაძის #2 ნომრის მცხოვრებლები მიუსაფარ ძაღლს სამი წელი პატრონობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ძაღლის ლეკვები პრობლემებს ქმნიდა, მოსახლეობამ გადაწყვიტა, ცხოველისთვის სტერილიზაცია გაეკეთებინა და შესაბამის სამსახურს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ სააგენტო თბილისელების ჯიბიდან ფინანსდება და დედაქალაქის მერიას მისი შენახვა 3 000 000 ლარი უჯდება.


პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „ნიუპოსტთან" ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის გულგრილობაზე საუბრობს:

 

„შესაძლებლობის ფარგლებში ვეხმარებოდით მიუსაფარ ძაღლს, ვაჭმევდით, აცრებს ვუკეთებდით. მერე, შესაბამის სამსახურს სტერილიზაციის მოთხოვნით მივმართეთ. ყველაფერი დოკუმენტალურად გავაფორმეთ და გავაყოლეთ... ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დღეგამოშვებით ვეხმიანებოდით, უწყებაში სამი მეზობლის ზარი სისტემატიურად შედიოდა - ამის დამტკიცება მარტივად, ზარების ამოღებითაც შეიძლება.

 

4 დღის წინ გვითხრეს, ძაღლი გამოჯანმრთელდება და დაგირეკავთო. რომ აღარ შეგვეხმიანენ, დღეს კიდევ ერთხელ დავურეკეთ და ასე გვიპასუხეს, მოკვდაო... ასეთი დამოკიდებულების გამო „გავშრით". დაიბნენ, მერე გვითხრეს ნარკოზიდან ვერ გამოვიდაო. თუ ნარკოზიდან ვერ გამოვიდა, იმავე წამს რატომ არ გვითხრეს?! ხუთი დღის შემდეგ რატომ გვეუბნებიან? სხვა ტონალობით გვესაუბრებოდნენ: „გითხარით, მოკვდა და მორჩა!" მივუგე, რომ საუბარს ვიწერდი".


„ნიუპოსტი" ბოლქვაძის #2 -ში მცხოვრებ კიდევ ერთ ქალბატონს ესაუბრა, რომელიც თაკო ჩარკვიანის მსგავსად, მონიტორინგის სამსახურს ცინიკური დამოკიდებულების გამო საყვედურობს.

 

„უახლოესი წარსულიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ექცეოდნენ ასეთ ძაღლებს - აწამებდნენ, ჭაში აგდებდნენ და სხვა... საბედნიეროდ, ეს მიდგომა შეიცვალა, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები დადიან, ვიცით, რომ მერიას აქვს თავშესაფარი, თუმცა მეორეს მხრივ, გამაოგნებელია მიდგომა, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში წავაწყდით. ისიც ხაზგასასმელია, რომ მოსახლეობა კერძო თავშესაფარს უფრო ანიჭებს უპირატესობას, რადგან როგორც ჩანს, მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველებს სათანადოდ არ უვლიან.

 

რაც შეეხება ჩვენი უბნის ძაღლს, დოკუმენტი გაფორმებული იყო დავით ლალიშვილის სახელზე. მონიტორინგის სამსახურში მეც არაერთხელ დავრეკე, ვეუბნებოდით, თუ თქვენ ვერ ახერხებთ ძაღლის მოყვანას, ჩვენ მივაკითხავთ-მეთქი, მაგრამ გვითხრეს, რომ კონტაქტზე იქნებოდნენ... ჩვენ მხოლოდ სტერილიზებას ვითხოვდით, რადგან არ გვინდოდა ლეკვები უპატრონოდ დარჩენილიყვნენ.

 

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ცხოველს გულგრილად მოექცა... მხოლოდ მას შემდეგ გვითხრეს გარდაცვალების შესახებ, როცა ჩვენ დავურეკეთ. ძაღლის გარდაცვალებაზე მეტად ტრაგედია ის დამოკიდებულებაა, რაც ამ სამსახურმა გამოიჩინა", - განაცხადა ბოლქვაძის ქუჩის მაცხოვრებელმა.


„ნიუპოსტი" ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადეს. პირად საუბარში კი აღნიშნეს, რომ ბოლქვაძის ქუჩის მცხოვრებთა განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner