პაკისტანში, ქალაქ კვეტას ეკლესიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის, დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციამ შემთხვევის ადგილი ალყაში მოაქცია, რის შემდეგაც თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა ატყდა.
ბელუჯისტანის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში 2 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში შესვლამდე მოკლეს, მეორემ კი ტაძარში შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოახერხა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.