საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბავშვებს მიმართა, აღზრდის პრობლემებზე ისაუბრა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაც ახსენა.
„დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი - ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად - თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა", - ბრძანა პატრიარქმა.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა პატრიარქმა აღავლინა. წირვის შემდეგ ილია მეორემ იქადაგა.