logo_geo
eng_logo
ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე აეროპორტში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა
- +

21 აპრილი. 2016. 11:41



ბელგიური ტელეკომპანია VTM-ის გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე თვითმკვლელი ნაჯიმ ლაშროუი აეროპორტის შენობაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა.



ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბელგიის მოქალაქე ლაშროუი შუამავალი ფირმის მიერ იყო დასაქმებული და ზავენტემის აეროპორტში ხუთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ბოლომდე მუშაობდა.


ტელეკომპანიის ცნობით, ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ აეროპორტის შენობაში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა, რომელსაც „რადიკალიზებული პერსონალი" სავარაუდოდ ლოცვისთვის იყენებდა. სამართალდამცველებმა აეროპორტის თანამშრომელთა სია შეადგინეს, რომელშიც „რადიკალურად" დახასიათებული 50-მდე ადამიანი შედიოდა.



წარმოშობით მაროკოელი ნაჯიმ ლაშროუი 2013 წელს სირიაში გაემგზავრა, სადაც ჯიჰადისტების რიგებში იბრძოდა. პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარ ეჭვმიტანილთან სალეჰ აბდესლამთან ერთად ლაშროუი გასული წლის სექტემბერში ყალბი საბუთებით უნგრეთში იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ 24 წლის ნაჯიმ ლაშროუი 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner