შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას არ გამორიცხავს.
„ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში არასრულწლოვანთა შორის დანაშაული მომატებული არ არის, თუმცა დღეს ჩვენს ძირითად გამოწვევას წარმოადგენს 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ, შექმნილი გვაქვს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს. მეორე მხრივ, ვმუშაობთ სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს. ჩვენი აქცენტი ძირითადად გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციაზე, დაინტერესებული ვიქნებით სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნით და ამ მიმართულებით სხვა უწყებებთან ვითანამშრომლებთ",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.