logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
- +

19 დეკემბერი. 2017. 01:20



ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი - წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი - ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

 

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.


ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: „ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება".


ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.


წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული.


ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე.


იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა წმიდა ადგილებიც მოილოცა. სიონის მთაზე ღამით ასული მამის წინაშე ტაძრის დახშული კარები თავისით გაიღო. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის განმზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი - ომოფორი.


იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქალაქებიდან შემოკრებილი ეპისკოპოსები მკაცრ მარხვასა და გაძლიერებულ ლოცვას მისცემოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: „პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია". ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და იმ ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. „მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!" - მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.


მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმიდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმიდა ნიკოლოზი არ შემდრკალა - კვლავ ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა. ტახტზე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი (306-337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსმთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.


325 წელს წმიდანი მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.


წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანაც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებით დაბრუნებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.


მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს (იხილეთ 9 მაისის საკითხავი).


წმიდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს: „ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნი განათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინა შეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მიწყუდეულთა და განწირულთა მსწრაფლ მჴნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთა გამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ."









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner