საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსფაშვილმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვას და კიმ ნამ ჰესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას - საქართველოს და კორეის რესპუბლიკას - აქვს სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ საზღვრებიდან.
„მოგეხსენებათ, კორეა არის აზიის #4 სახელმწიფო ეკონომიკის სიძლიერით და მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშე ძალიან ბევრი მიმართულებით და მოხარული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება პოლიტიკური ურთიერთგაგების დონეზე. ჩვენ, ორივე ქვეყანა მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის ვიბრძვით. ჩვენ, ორივე ქვეყანას გვაქვს სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ საზღვრებიდან და ვხედავთ იმ შემაშფოთებელ განვითარებას, რაც ჩრდილოეთ კორეის აგრესიული მოქმედებების შედეგად იმ რეგიონში ხდება. ჩვენ ვართ სოლიდარული კორეელი ხალხის ამ პრობლემების გადაწყვეტაში. ასევე, კორეა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდამჭერი და საერთაშორისო დონეზე ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, უკვე დაიწყო კორეის მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში, ასევე, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მძიმე მრეწველობის მიმართულებით. უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა კულტურულ ურთიერთობებსაც და აღნიშნა, რომ „ამ ყველაფერში საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ფლაგმანი იქნება".
დავით უსუფაშვილმა და ჩუნგ უი ჰვას და კიმ ნამ ჰემ საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.