„ნაციონალური მოძრაობის" აქციების ფონზე გრძელდება მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში, სადაც მას სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებული კუდ-ის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალების გამო ასამართლებენ. ბრალდების მიხედვით, მაშინდელმა პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, როდესაც აღნიშნულ მსჯავრდადებულებს სასჯელის ზომა გაუნახევრა.
„მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების - შეწყალების გამოყენებას. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში 200-მდე ადამიანის შეწყალება მოხდა, მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და იყვნენ სამართალდამცველები", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
„არ მომხდარა დედამიწის ზურგზე, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინოთ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის", - ეს კი რომან გოცირიძის სიტყვებია, რომელიც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს აბსურდულს უწოდებს. დეპუტატმა მიმართა ხელისუფლებას, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, რომელიც, გოცირიძის განცხადებით, უკვე წლებია მიმდინარეობს.
პროკურატურა კი ირწმუნება, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირებს წინასწარ დაჰპირდნენ გარკვეულ შეღავათებს, თუკი ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებდნენ დანაშაულს, მათ შორის ფინანსურ ანაზღაურებას, პრივილეგიებს ციხეში ყოფნის დროს და მოკლე ხანში პრეზიდენტის შეწყალებას. სწორედ წინასწარ შეთანხმებული შეწყალების ეპიზოდს ედავებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თუმცა არსებობს თუ არა პირდაპირი მოწმე, რომელიც სააკაშვილის წინასწარ განზრახულობაზე მიუთითებს, რთული სათქმელია. ჩვენ პროკურატურას ვკითხეთ, რა მთავარი მტკიცებულებები დევს საქმეში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ, მაგრამ საგამოძიებო ორგანოდან პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ბრალდება ძირითადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების - ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებებს ეფუძნება, მაგრამ მრავალტომიან საქმეში დევს სხვა არაერთი პირის ჩვენებაც, რომელთაც მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ, თუმცა ხმაურიანი შეწყალების საქმეზე საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. მათ შორის გახლავთ ავჭალის #10 დაწესებულების ყოფილი პატიმარი, რომელიც გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ციხეში მზარეულად იყო მიმაგრებული. ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებულთა დახმარებით პრეზიდენტის შეწყალება პირადად მასაც შეეხო.
მზარეულ-პატიმარი გ.მ. საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ პრივილეგირებული ოთხი პატიმრიდან განსაკუთრებული უფლებებით გია ალანია სარგებლობდა, რომელიც პრაქტიკულად ციხესაც მართავდა და გარეთ ბიზნესსაც აკონტროლებდა.
„გია ალანიას დანარჩენ სამზე უფრო მეტი უფლებები ჰქონდა. დილით, ჩვეულებრივ, დაწესებულების დირექტორის კაბინეტში იჯდა. მეტიც, მას არაერთხელ მიუღია და გაუნაწილებია ამავე დაწესებულებაში ეტაპირებული პატიმრები, ხოლო ციხის უფროსი ანგარიშს უწევდა მის სიტყვას და აშკარად ჩანდა, რომ სწორედ გია ალანია მართავდა დაწესებულებას და არა თემურ ტაბაღუა. თემურ ტაბაღუა ხშირად არც კი შედიოდა თავის კაბინეტში, თუ იქ გია ალანია იმყოფებოდა", - წერს გ.მ.
მისივე ინფორმაციით, გია ალანიას იმდენად დიდი გავლენები ჰქონდა, რომ შეეძლო, პატიმრებს შეწყალებაშიც დახმარებოდა, ამის სანაცვლოდ კი მან გარკვეული თანხები მიიღო. ალანიას დახმარებით შეწყალება თავად გ.მ-საც შეეხო, რომელსაც პრეზიდენტმა დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა.
„2008 წლის 24 ნოემბერს, დილის 10:00 სთ-ზე დამიძახა გია ალანიამ და მთხოვა, მისთვის ერთ-ერთი კერძი მომემზადებინა, ამავე დროს მითხრა, რომ იმ დღეს იქნებოდა შეწყალება და რომ დარჩენილი სასჯელი გამინახევრეს. მისი ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან არც განცხადება მქონდა დაწერილი და არც შეწყალებას ველოდებოდი. მანვე მითხრა, რომ იგეგმებოდა ჩემი საერთოდ განთავისუფლებაც კი, მაგრამ მერაბიშვილი და ადეიშვილი ვერ შეთანხმდნენ ჩემს საკითხზე. რატომ და რის გამო შეიძლებოდა, ეს ორი პირი ვერ შეთანხმებულიყო ჩემთან დაკავშირებით, არ ვიცოდი და ვკითხე კიდეც გია ალანიას, საიდან იცოდა ჩემი შეწყალების შესახებ. მან მიპასუხა, რომ ბევრი რამ იცოდა მოსალოდნელ შეწყალებასთან დაკავშირებით, რისი ცოდნაც ჩემთვის საჭირო არ იყო. ადმინისტრაციაში ავედი და ვკითხე შოთა მახარაშვილს (დირექტორის მოადგილე), ხომ არაფერი იცოდა ჩემი შეწყალების შესახებ. მან მითხრა, სიაში ვერ მოხვდიო. მე ვუპასუხე, რომ გია ალანიამ მითხრა, შეწყალებული ხარო. მაშინ შოთა მახარაშვილმა მითხრა, რადგან გია ალანიამ გითხრა, ეგრეც იქნებაო, მაგან ჩემზე მეტი იცისო.
მართლაც შემდეგში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულებით გამინახევრეს დარჩენილი სასჯელი. ჩემთან ერთად სასჯელი გაუნახევრეს ყველა იმ პირს, რომლებიც ომში სავარაუდო წამსვლელთა სიაში მოვხვდით. ეს სია აგვისტოს ომის დროს გია ალანიას თაოსნობით შედგა, თუმცა მაშინ ჩვენი დაწესებულებიდან პატიმრები არ გაუყვანიათ, გარდა თავად იმ ოთხი პირისა, რომლებიც გირგვლიანის საქმეზე იხდიდნენ სასჯელს.
ამ შეწყალების შემდეგ დაწესებულებაში გავრცელდა ხმები, თითქოს გია ალანიას შეეძლო, პატიმრებს შეწყალებაში დახმარებოდა. ამ დროს მიხეილ ბიბილურიძესთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პატიმარი გია ალავიძე. ალავიძემ ბიბილურიძის დახმარებით მოახერხა გია ალანიასთან ნდობაში შესვლა და რამდენიმე პატიმრის შეწყალება სთხოვა გარკვეული თანხის სანაცვლოდ. გარიგება შედგა ოთხ-ხუთ პატიმარზე, მათგან ერთ-ერთი იყო როსტომ ნადირაძე („გაის" ყოფილი თანამშრომელი). ამ პატიმართაგან ერთი განთავისუფლდა შეწყალებით 2008 წლის 17 დეკემბერს, დანარჩენები - ვერა, რის გამოც მოხდა უთანხმოება გია ალავიძესა და გია ალანიას შორის, რაც ალავიძის ე.წ. „კრიტში" გადაყვანით დასრულდა, ხოლო გია ალანიამ მოახერხა დანარჩენ ოთხ პატიმართან სიტუაციის ნორმალიზება", - წერს საკუთარ ჩვენებაში პატიმარი გ.მ.
ჩვენებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ პირველ ჯერზე ე.წ. პრივილეგირებული პატიმრების შეწყალება პოლიტიკური სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა, რამაც მათ შორის უთანხმოება გამოიწვია.
„ერთ-ერთ საღამოს მოხდა მათ შორის ე.წ. „საქმის გარჩევა", რაც ჩხუბში გადაიზარდა და ამ დროს გია ალანიას დანარჩენებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დანარჩენები მას სთხოვდნენ პასუხს, რატომ არ მოხდა მათი განთავისუფლება. დაწესებულების უფროსების ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. ამ დღის შემდეგ მე გადამიყვანეს ე.წ. „აბსლუგის" ბრიგადირად. ამ პატიმრებთან შესვლის უფლებით ვსარგებლობდით მე, გიორგი ბურჯანაძე და ვაჟა სუპატაშვილი. ვაჟა ოთახებს ალაგებდა, გიორგი ჭურჭელს რეცხავდა, ხოლო მე კერძებს ვამზადებდი.
ამ დროიდან გია ალანიასთან შემოსვლას მოუხშირა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მაშინდელმა უფროსმა დავით ჩხიტუნიძემ. ის და გია ალანია უფროსის კაბინეტში საათობით ისხდნენ და საუბრობდნენ. რამდენჯერმე იყო შემოსული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი კახა ბუცხრიკიძე, რომელიც ალექსანდრე ღაჭავას სიძეა. ჩემი მათთან ურთიერთობის დროს გია ალანიას - ერთხელ, ხოლო ალექსი ღაჭავას რამდენჯერმე ჰყავდათ ციხეში შემოყვანილი ახალგაზრდა ქალბატონები სექსუალური ურთიერთობისთვის, მაგრამ არა თავის საცხოვრებელ ოთახებში, არამედ უფროსის მოადგილის, მურად გაბუნიას კაბინეტში. ალექსი ღაჭავასთან ის ქალბატონი ორი დღეც დარჩენილა", - ამბობს პატიმარი.
მისი მონათხრობი კიდევ ერთხელ ადასტურებს აქამდე გავრცელებულ ხმებს, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებმა, ციხეში წასვლის სანაცვლოდ, სოლიდური გასამრჯელო მიიღეს. გ.მ. ჩვენებაში აღწერს, როგორ იხდიდნენ პომპეზურ დაბადების დღეებს ციხის პრივილეგირებული პატიმრები და იმასაც იხსენებს, როგორ შემოუგზავნეს შამფურზე წამოგებული ხბო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„მათ ხელზე ყოველთვის საკმაოდ სოლიდური თანხები ჰქონდათ. გვიან ღამით მათთან ოჯახის წევრებს არაერთხელ შემოუყვანიათ ძვირად ღირებული ავტომანქანები, მათივე თქმით, ახლად შეძენილები. ყოველ მესამე თვის ბოლოს დაწესებულებასთან მოდიოდა სანოვაგით დატვირთული სპეციალური მანქანა „გუდვილიდან" და თითოეული დაახლოებით 1000 ლარის ღირებულების საჭმელსა და სურსათს ყიდულობდა. იქიდან გამომდინარე, რომ სურსათ-სანოვაგე ჩემთან შემოჰქონდათ, მე მინახავს პროდუქტების შესყიდვების ქვითრები. 2009 წლის განმავლობაში ოთხივემ გადაიხადა დაბადების დღე დაწესებულებაში და მათ 20-25 ადამიანი სტუმრობდათ. ამ დროს ხშირად მიწევდა მათთვის მწვადების შეწვა შამფურებზე, სხვადასხვა საზეიმო კერძების მომზადება და ა.შ.
მათთან შემოსული ყველა სტუმარი ცდილობდა, მათთვის პატივი ეცა, განსაკუთრებით კი გია ალანიასთვის. მას ერთი-ორჯერ დიდ შამფურზე აგებული, თონეში შემწვარი ხბოც კი შემოუგზავნეს. ალანია, დავით ჩხიტუნიძესთან ერთად, რაღაც საქმეებს აგვარებდა გარეთ და რომელიღაც დიდ ბიზნესს ხელმძღვანელობდა. ის აგვარებდა, ასევე, პატიმრების გადაყვანა-გადმოყვანის საკითხებს სხვადასხვა დაწესებულებიდან. მასთან დაკაკუნების გარეშე ვერც მე და ვერც კოლონიის თანამშრომლები ვერ შევდიოდით. აშკარად ჩანდა, რომ პატიმრობის პერიოდშიც კი ის არ გაუთავისუფლებიათ კუდ-ის მე-3 სამმართველოს უფროსობიდან, რადგან მასთან ხშირად შემოდიოდნენ კუდ-ის მოქმედი თანამშრომლები და როგორც ვხდებოდი, მასთან განიხილავდნენ სამსახურებრივ თემებს", - ვკითხულობთ გ.მ-ს ჩვენებაში.
იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც ე.წ. პრივილეგირებულ პატიმრებს ხშირად სტუმრობდნენ, მზარეული შემდეგ პირებს ასახელებს: კახა ბუცხრიკიძე, დავით ჩხიტუნიძე, კოტე არჩაია, ალექსანდრე მუხაძე (კილერა). მისივე თქმით, ციხეში გია ალანიასთან რამდენიმეჯერ იყვნენ შესულები ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია.
საქმის მასალებით ცნობილია, რომ 2006 წლის 6 მარტს დაკავებულ ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს, მათი მხრიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეალური გარემოებებისა და დანაშაულში დათა ახალაიას შემხებლობის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადასცეს სოლიდური „გასამრჯელო".
კერძოდ, გერონტი ალანიამ, ალექსანდრე ღაჭავამ და მიხეილ ბიბილურიძემ თანხების ეტაპობრივად გადაცემით, ჯამში, 100-100 ათასი აშშ დოლარი მიიღეს, ხოლო ავთანდილ აფციაურმა - 12 ათასი აშშ დოლარი, რადგან დათა ახალაიასთან შეთანხმებული პირობით დანარჩენი თანხა მას სასჯელის მოხდისა და ციხიდან განთავისუფლების შემდეგ უნდა გადასცემოდა.
ცნობილია ისიც, რომ ახალაიას მიერ მათთვის დაკავებამდე გადაცემული თანხებით მოახდინეს ბანკებში მათ სახელზე არსებული კრედიტებისა და კერძო ვალების გასტუმრება. ხოლო შემდეგში გადაცემული თანხებით ძვირად ღირებული ბინებისა და ავტომანქანების შეძენა. მაგალითად, საჯარო რეესტრში გადამოწმების შედეგად, გავარკვიეთ, რომ 2007 წლის 3 სექტემბერს მიხეილ ბიბილურიძის მეუღლემ ნუცუბიძეზე შეიძინა 124 კვ.მ ფართის ბინა. ასევე, ნუცუბიძეზეა შეძენილი ბინა გერონტი ალანიას ოჯახის მიერ 2008 წლის 14 აგვისტოს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბიბილურიძეცა და ალანიაც, დანარჩენ ორ მაღალჩინოსანთან ერთად, სასჯელს ავჭალის ციხეში იხდიდნენ.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული პირები პრეზიდენტმა 2008 წლის ნოემბერში შეიწყალა და მათ სასჯელი გაუნახევრდათ. სწორედ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და მომდევნო წელს ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილი უფროსი გია ალანია დაადანაშაულა იმ დაზიანებების მიყენებაში, რამაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება გამოიწვია და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე დეპარტამენტის კიდევ სამ თანამშრომელს კი 7-7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.