უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური სუბიექტებისთვის კვალიფიციურობის მისანიჭებლად 2%-ზე უფრო დაბლა ბარიერის დაწევა არაკვალიფიციურს გახდის ქართულ პოლიტიკურ სივრცეს.
„2-3% ნამდვილად საკმაოდ დაბალი ბარიერია. თუ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს 2-3%-იანი მხარდამჭერთა რაოდენობა, მას არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს პირველ რიგში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე", - განაცხადა ჩაფიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, უმრავლესობა თანახმაა, რომ 2%-იან ბარიერზეც იმსჯელოს.
„ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საპროტესტო აქციების გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია იმ საკითხებზე, რაზეც ხელისუფლება ისედაც მსჯელობს და დათმობებზე მიდის.
ის, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ეს დიალოგის პროცესში წარმოუდგენელია, რადგან თავად ამ პროცესის სუბიექტებს განსხვავებული პოზიციები აქვთ", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრი პარტიები ხელისუფლებისგან პოლიტიკური სუბიექტებისთვის კვალიფიციურობის ბარიერის 2%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში შესასვლელად ბარიერის 3%-მდე დაწევას ითხოვენ.