„მოკლედ ჩემო მეგობრებო, ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია", - წერს „facebook"-მომხმარებელი ნატალია ხარშილაძე სოციალურ ქელში.
„ბარბარობა დღეს, საღამოს, უკვე დაბინდებულს ბაკურიანიდან თბილისისკენ ვბრუნდებოდი ჩემს სამი წლის შვილიშვილთან ერთად. საკმაოდ გადატვირთული იყო მოძრაობა, მე ისედაც არასდროს ვარღვევ მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს, ხოლო იმ საღამოს კიდევ უფრო მეტად ვფრთხილობდი, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად მიწევდა დიდ სატვირთო მანქანებს, ეგრედწოდებულ ტრაილერებს, მივყოლოდი, თან ისე რომ მათი აგრესიული მანევრირებაც გამომეცნო. პლიუს ამას უკვე დაბინდებული იყო და თან ჩემი პატარა შვილიშვილი მეჯდა მანქანაში. მოკლედ სრულიად მოულოდნელად გომთან მიმავალ მანქანას საბურავი გაუსკდა, გადავრჩით ფაქტიურად სიფრთხილის ხარჯზე და ღმერთის წყალობითაც, რომ უკან ან წინ მიმავალ ტრაილერს არ შევასკდით. მოკლედ დავრჩით შუა გზაზე, ღამე, მე და ჩემი სამი წლის შვილიშვილი. რამდენიმე წუთი იქნებოდა ალბად გავლილი, მაგრამ საუკუნედ მეჩვენებოდა, იქით ბავშვი ტიროდა შეშინებული აქეთ ტელეფონი მიჯდებოდა და უცებ მხსნელივით მომევლინა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. ორი პატრულის თანამშრომელი, ორი საოცარი ადამიანი, პროფესიონალი, ერთგული თავიანთი მუნდირის და უზომოდ გულისხმიერი ადამიანი. ხელები დაიკაპიწეს და შეუდგნენ საბურავის გამოცვლას, სამწუხაროდ არ მქონდა სათადარიგო საბურავი და თავადვე წაიღეს ვულკანიზაციაში და მალევე მომიტანეს. თავადვე იწვალეს და დააყენეს. ჩემი შვილიშვილის დამშვიდებას ისეთი სითბოთი და მზრუნველობით ცდილობდნენ, რომ როცა წამოვედით ჩემი ელი მეკითხება „ბებო ესენი გმირები იყვნენო? და ჩემს პასუხზე რომ არა ესენი პატრულები იყვნენთთქო, ელი მეუბნება ბებო შენ არ მითხარი, რომ გმირები არიან ისინი, ვინც სხვებს გადაარჩენენო? უცებ გავიაზრე, რომ ელი ცამდე მართალი იყო. უფრო სწორედ და უფრო ნათლად ჩამოაყალიბა სათქმელი. ჩვენ უფროსები ხშირად ვცოდავთ ამ მხრივ, ელის არასდროს უნდა გაუქრეს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი გმირია, რომ ისინი მისი და სხვა მოქალაქეების გადასარჩენად უყოყმანოდ გაიღებენ თავის სიცოცხლესაც კი. სწორედ ჩვენ უფროსები ვცოდავთ ხშირად, როცა არ ვაღიარებთ ვალდებულებების ნუსხაში გაგვყავს ხშირად ასეთი ეპიზოდები, შეიძლება ასეცაა, მაგრამ როცა რაიმე ისე არ ხდება მაშინ სრულიად ყველა სამართალდამცავს ვუცხადებთ ომს და არ ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენი პატარების ცნობიერებაში ვტოვებთ უნდობლობის განცდას იმათ მიმართ და იმ სისტემის მიმართ, რომელთა კისერზე უნდა იყოს სწორედ მათი ლაღი და უსაფრთხო მომავალი. არადა სწორედ კანონის უზენაესობა, სამართალდამცავის, პოლიციელის გმირობის ცოდნა და დაჯერებაა მისი ნათელი მომავლის გარანტია .აღარ მინდა ერთი და იგივე წრეზე იაროს მათმა თაობამაც. მინდა ამ განცდით გაიზარდოს რომელი განცდაც გუშინწინდელ ბარბარობის საღამოს დაეუფლა, ის რომ პატრული გმირია.
P.S. ტელეფონი მიჯდებოდა და ძლივს მოვასწარი ორი ფოტოს გადაღება. უარი მითხრეს ძლივს მოვახერხე. ჩვენი ვალდებულება შევასრულეთო. სახელი და გვარი მხოლოდ ერთმა, დასაწყისში, როცა მოვიდა თავი წარმომიდგინა და იქიდან გავიგე. გიორგი გურგენიძე იყო, თუ სწორედ მახსოვს. მეორემ ისიც არ თქვა. უბრალოდ ჩვენ ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ, ქალბატონო, დიდი არაფერი გაგვიკეთებიაო. ასე მითხრეს როცა ჩავეძიე სახელ-გვარებს.
მინდა, რომ ბარბარობა და დამდეგი ახალი წელი მივულოცო ამ ბიჭებს და სრულიად ყველა პატრულს, სამართალდამცავს, იხარეთ ბიჭებო და იდღეგრძელეთ, თქვენი იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა. პატივისცემით ნატალია ხარშილაძე!!!" - წერს ხარშილაძე.