საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის შეხვდა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.
პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
გიორგი კვირიკაშვილმა პედრო აგრამუნტს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რათა ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მეტი იცოდნენ იმ მიღწევების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს. მნიშვნელოვანი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც შესაძლოა, დაისვას. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, მართლმსაჯულების რეფორმისა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესების, ასევე, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარული მდგომარეობასა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ევროპელ მეგობრებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.