საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია იქნება საქართველოს ევროპაში დაბრუნება დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ.
„ჩვენ ვაგრძელებთ გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ. ახლა უკვე გვაქვს გამოცდილება რეფორმების წარმატებით განხორციელების, ამოცანების დასახვის, მათი ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების კუთხით. ჩვენ ახლახან შევასრულეთ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უქმნის ევროკავშირის მასშტაბით დაუბრკოლებლად გადაადგილების პერსპექტივას. აშკარაა, თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მოსახერხებელი და ძალიან საამაყოა, რომ შეეძლებათ ევროპის მაშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა. ეს არის ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ. პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.