logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: უნდა დაინერგოს წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების სწორი მეთოდოლოგია
- +

20 დეკემბერი. 2017. 13:51


 

„რეფორმების მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი - ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ მათთან ერთად შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტი და ასევე, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წიაღის სექტორის რეფორმა", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„შემიძლია შევეხო იმ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სახელმწიფოს შეუძლია და ძალიან მალე, ვფიქრობთ, რომ უნდა მივიღოთ. პირველ რიგში, ეს არის წიაღის შესწავლის საკმაოდ მაღალი საფასური ერთ ჰექტარზე - 500 ლარს ვახდევინებთ ჩვენ კომპანიას, რომელსაც უნდა, დაიძიოს გარკვეული უბანი. პრაქტიკულად, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მეწარმე შევიდეს და შეისწავლოს კონკრეტული უბანი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

„ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ და შევამცირებთ მნიშვნელოვნად ამ საფასურს იმისთვის, რომ მოხდეს კომპანიების სტიმულირება. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ  დაინერგოს წიაღისეულის მოძიების სწორი მეთოდოლოგია,  სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იცოდეს, რა მარაგები გააჩნია სახელმწიფოს და რისი გამოყენება შეუძლია კერძო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაინერგოს უკვე დაძიებული მარაგის სწორად გამოყენების მეთოდოლოგია", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, თუ, მაგალითად, ქვის საბადოზე წახალისებული იქნება სწორი ტექნოლოგია და იქ მოხდება არა აფეთქებით, არამედ სწორი დაჭრით ქვის ამოღება, დამატებით ღირებულება ამ საბადოზე გაცილებით მეტი შეიქმნება და საბადოც არ დაზიანდება. 


„ეს იქნება სწორი და არა ის, რომ იქ ვიღაც მივიდეს, ერთჯერადად ააფეთქოს, კლდე მოხსნას და შესაბამისად ამით დაამთავროს ყველაფერი. აქ ტექნოლოგიურად ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სწორედ ის მეთოდოლოგიაა დასანერგი, ლიცენზიის გაცემის დროს ლიცენზიას გაყვეს დამუშავების მეთოდოლოგიაც. ეს წაახალისებს ტექნოლოგიურ განახლებას და ახალ ინვესტიციებს დარგში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner