logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე NDI-ს კვლევაზე: ეს არის აზრის ფორმირება და არა აზრის კვლევა
- +

21 აპრილი. 2016. 15:10



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე NDI-ს კვლევების ალტერნატიულ კვლევასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქადაგიძის აზრით, NDI-ს კვლევები არის აზრის ფორმირება და არა აზრის კვლევა.



NDI არ აქვეყნებს ბაზებს, მიზნობრივ და ასაკობრივ ჯგუფებს. აქედან გამომდინარე არის ორი საკითხი: ერთი, რომ ეს კვლევები არაკვალიფიციურად კეთდება და მეორე ის, რომ ეს არის მიზანმიმართული. ეს არის აზრის ფორმირება და არა აზრის კვლევა. ვფიქრობ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ პრობლემასთან. როდესაც ერთი პოლიტიკოსი 2014 წლის კვლევაში იღებს 67%-ს და 2015 წლის მონაცემებით მისი რეიტინგი 6%-მდეა დასული, მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხულია", - ამბობს ზურაბ ქადაგიძე.



აქვე ზურაბ ქადაგიძე საუბრობს ალტერნატიული კვლევის დეტალებზე და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული კვლევა საქართველოს მასშტაბითაც ჩატარდეს.



„ჩვენ პოლიტიკური კუთხით ვიწყებთ კვლევას. გაკეთებული გვაქვს სატესტო კითხვარი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და პირველი ვერსიის შემდეგ შესაძლოა რაიმე სახის ცვლილებებიც მოხდეს მასში. ამ კვლევაზე სოციოლოგები მუშაობენ. კვლევა მოიცავს 19 საკითხს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი შედეგი. მიზნობრივ ჯგუფებს კვლევის დასრულებამდე შეგნებულად არ დავასახელებ, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის პერიოდში არ მოხდეს ლავირება. სოციოლოგების აზრით, იმისათვის, რომ რეალური სურათი მივიღოთ, საჭიროა დაახლოებით 3000 ადამიანის გამოკითხვა და მათი შერჩევა მოხდება ალბათობის მეთოდით. აქვე არ გამოვრიცხავთ, რომ ეს კვლევა არამარტო თბილისში, არამედ მთლიანად საქართველოს მასშტაბითაც ჩატარდეს", - ამბობს ქადაგიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner